სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 29 მაისიდან 2 ივნისამდე სტუმრობს.

ანდრეი კისკას, რომლის ქვეყანაც 1 ივლისიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ხდება, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის რეზიდენციაში 30 მაისს უმასპინძლა. 

"მე მინდა მადლობა გითხრათ თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროპული და ევროინტეგრაციის კონტექსტში. მე მიმაჩნია, რომ თქვენი ევროკავშირის პრეზიდენტობა, რომელიც იწყება ერთ თვეში, იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ უფრო გააღრმავოს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

„ჩვენ შევთანხმდით იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებსაც ტრადიციულად ჩვენ ვავითარებდით ერთობლივ ფორმატებში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე და კულტურულ და სამხედრო სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას, ასევე ბიზნეს-თანამშრომლობის მიმართულებით "ახალ შესაძლებლობებს" გაუსვა ხაზი.

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეების მიერ განხილულ საკითხთა ფართო სპექტრს შორის ასევე იყო საქართველოს ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადება და  ის „პროგრესი“, რასაც თბილისი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის მიღების კუთხით ელის, ასევე უსაფრთხოების გარემო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, მარგველაშვილმა თავის სლოვაკ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.

თბილისსა და ბათუმში ასევე დაგეგმილია საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმების ჩატარებაც.