იან კელი მთავრობას კორცხელის ძალადობაში მონაწილეების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს

აშშ–ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომ მათ საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, რომ ზედმიწევნით გამოიძიოს კორცხელის ძალადობრივი ინციდენტი, ხოლო დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს. 

„ის რაც მოხდა [კორცხელში], ჩემი აზრით, სრულიად მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს თბილისში 30 მაისს გამართული ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მსოფლიო კონგრესის ფარგლებში. 

მისი თქმით, ამ ტიპის პოლიტიკური ძალადობა „მხოლოდ დააზიანებს“ საარჩევნო გარემოს.

„ჩვენ კონტაქტები გვქონდა მთავრობასთან, რათა მოგვეწოდებინა მათთვის, რომ დეტალური გამოძიება ჩაატარონ და ამ მიუღებელი ძალადობისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მისცენ“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

„მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც არჩევნებს ვუახლოვდებით, ვფიქრობ, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს მეტი დიალოგი უნდა ჰქონდეთ და ქცევის კოდექსზე გარკვეული ტიპის კონსენსუსს უნდა მიაღწიონ, რათა უარი თქვან საარჩევნო პერიოდში ნებისმიერი ტიპის ძალადობაზე“, – დასძინა მან.

ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი და აქტივისტი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერებმა და წევრებმა სცემეს, რომლებიც სოფელ კორცხელში 22 მაისს, შუალედური არჩევნების დროს საარჩევნო უბნის წინ იყვნენ მობილიზებულნი.

ინციდენტის შემდეგ ერთი კვირა გავიდა, თუმცა ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ და არც ბრალი არავისთვის წარუდგენიათ. ტელევიზიების მიერ გადაღებულ ვიდეო კადრებში ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი იდენტიფიცირებულია. მათგან ექვსი 24 მაისს  პოლიციამ დაკითხა ბრალის წარდგენის გარეშე. იმ დროს, როდესაც პოლიცია ექვს პირს კითხავდა, მათი ნათესავები და მხარდამჭერები შსს–ს წინ აქციას მართავდნენ  და ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, რომ არ დაეკავებინათ ისინი.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა 25 მაისს პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს; მათი თქმით, ისინი არ დაესწრებიან სხდომებს, სანამ კორცხელის ინციდენტში დამნაშავეებს არ მისცემენ პასუხისგებაში.