საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს ბორდოში შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს 31 მაისს ქალაქ ბორდოში შეხვდა.
„მე მას ვთხოვე, ავუხსენი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის პოლიტიკურად, ჩვენი დასავლური ვექტორისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება და მან დახმარება აღგვითქვა, ძალიან დადებითად მიიღო ჩვენი თხოვნა და აუცილებლად ექნება საუბარი შესაბამის სამინისტროებთან, რათა უმოკლედ დროში იქნას მიღებული თანხმობა საფრანგეთიდან ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს პრეზიდენტ ოლანდთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ფრანსუა ოლანდთან "ხანმოკლე" პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც ბორდოში „ღვინის ქალაქის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში გაიმართა, მან დეტალურად ისაუბრა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ტექნიკურ საკითხებზე და ასევე ბოლო სრული სტატისტიკური ინფორმაცია წარადგინა იმ „შეშფოთებებთან“ დაკავშირებით, რომელიც ფრანგულ მხარეს გააჩნია კრიმინალთან და მათ შორის, სამკურნალო მიზნებით, ემიგრაციასთან დაკავშირებით.
ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება ევროკომისიამ დადებითად დეკემბერში შეაფასა, ხოლო ოფიციალური წინადადება საქართველოსთვის მოკლევადიანი ვიზების გაუქმების თაობაზე მარტში წარადგინა.
ამჟამად განხილვის პროცედურები ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში მიმდინარეობს – სწორედ ამ ორგანოებმა უნდა დაამტკიცონ საკანონმდებლო ინიციატივა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში ვიზების საჭიროება გაუქმდეს.