საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის დონემ მაისში 2.1% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ პარასკევს გავრცელებული მონაცემების თანახმად, წლიური ინფლაციის დონე მაისში 2.1%–მდე შემცირდა წინა თვეში არსებული 3.2%–დან.

წინა თვესთან შედარებით მაისში ფასები 0.4%–ით შემცირდა მას შემდეგ, რაც აპრილში 0.6%–იანი დეფლაცია დაფიქსირდა.    

ფასები ალკოჰოლურ სასმელზე და სიგარეტზე მაისში 12.6%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც ძირითადად თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვია.

წლიურმა ინფლაციამ ჯანდაცვის კატეგორიაში მაისში 5.7% შეადგინა, რაც ძირითადად,  გამოიწვია ფასების მომატებამ ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.8%) და სამედიცინო პროდუქციის (4.2%) ქვეჯგუფზე.

ფასები სასტუმროების და რესტორნების ჯგუფზე მაისში 6.1%–ით გაიზარდა.

მაისში ფასები საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ჯგუფზე 5.5%–ით გაიზარდა, ხოლო ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის ჯგუფზე ფასები 4.2%–ით გაიზარდა. ფასები საკვებზე მაისში 1.4%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები მაისში 8.3%–ით შემცირდა წინა წლის მაისთან შედარებით.