ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარების ფონზე 40 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8 ივნისს ლარის გამყარების ფონზე სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.
ოთხშაბათს საღამოსთვის დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.1282–ს შეადგენდა, რაც წლის დასაწყისიდან 11.5%–იანი, ხოლო წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 7.3%–იანი გამყარებაა.
მარტის შუა რიცხვებიდან განხორციელებული 12 ინტერვენციის შედეგად ეროვნულმა ბანკმა სულ 235 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.
ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, დაახლოებით, 1.75–ის ნიშნულიდან და 2016 წლის იანვრის ბოლოსთვის 2.4985-იან რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
ლარის გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის იანვარში სამი ინტერვენცია განახორციელა და საერთო ჯამში, 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
2015 წლის მანძილზე ლარის მხარდასაჭერად განხორციელებული ცხრა ინტერვენციის შედეგად 286.96 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა.
2016 წლის მაისის ბოლოს მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ 2.569 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; წინა თვეს ეს მაჩვენებელი 2.456 მილიარდს, ხოლო ერთი წლით ადრე 2.393 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)