მთავრობამ ლობისტური კომპანია Pillsbury Winthrop-თან კონტრაქტი გააგრძელა

საქართველოს მთავრობამ წლის ბოლომდე გააგრძელა კონტრაქტი აშშ-ში მოქმედ იურიდიულ და ლობისტურ კომპანია Pillsbury Winthrop Shaw Pittman–სთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მომსახურებას 2015 წლის გაზაფხულიდან უწევს.

კონტრაქტის თანახმად, რომელიც 1 აპრილიდან 31 დეკემბრამდეა ძალაში, მთავრობა ამერიკულ ლობისტურ კომპანიას ყოველთვიურად 30 000 აშშ დოლარს უხდის იმ მომსახურებისთვის, რომელიც „უზრუნველყოფს აშშ–საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით და ასევე მედიასა და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებთან ურთიერთობაში საქართველოს ხელშეწყობას, შესაბამისი ღონისძიებებისა და შეხვედრების მოწყობას და აშშ–ის ლიდერების ინფორმირებას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ“. 

წინა კონტრაქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა ყოველთვიურად 50 000 აშშ დოლარს უხდიდა ლობისტურ კომპანიას, თუმცა კონტრაქტი ასევე ითვალისწინებდა ქვეკონტრაქტორის დაქირავებას „კლიენტისთვის დამატებითი მედია მომსახურების გაწევის მიზნით“.

იმ დოკუმენტების თანახმად, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტს წარუდგინა, Pillsbury Winthrop –ის მომსახურება ასევე მოიცავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ურთიერთობების განვითარების კუთხით „აშშ–ის ძირითად პოლიტიკურ ჯგუფებთან“, რომელთა შორის არიან თეთრი სახლის და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები; კონგრესის წევრები და „პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი მრჩევლები“.  

ლობისტური კომპანია ასევე დაეხმარება მთავრობას „აღნიშნული ჯგუფების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირებაში, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებში“.

მომსახურება ასევე მოიცავს საქართველოს პრემიერ–მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ–ში ვიზიტების ორგანიზებაში დახმარებას; ვაშინგტონში საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს; სტრატეგიული რჩევების შემუშავებას საგარეო პოლიტიკის, საქართველო–ნატოს ურთიერთობების გაღრმავების, აშშ–სთან თავდაცვის კუთხით ურთიერთობების გაძლიერების, დიპლომატიური ურთიერთობებისა და საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით; ასევე „რჩევების/მითითებების“  მიცემას სიტყვით გამოსვლების, წერილების და სტატიების მომზადებისას.