პროკურატურა: ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა, „რუსთავის 2“-ის ყოფილმა მფლობელმა და რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა თავი მოიკლა „მკვეთრად გაუარესებული“ ფინანსური მდგომარეობის მოტივით.
პროკურატურამ 22 ივნისს ამ ფაქტის გამოძიება მომხდარიდან თითქმის ორი წლის თავზე დასრულებულად გამოაცხადა.
ეროსი კიწმარიშვილი თავისი საცხოვრებელი კორპუსის ავტოსადგომში, საკუთარ მანქანაში, საჭესთან მჯდომი გარდაცვლილი 2014 წლის 15 ივნისს იპოვეს, სადაც მის ფეხებთან ეგდო ჩზ-75-ის ტიპის პისტოლეტი, რომელიც მან იარაღის მაღაზიაში რამდენიმე საათით ადრე შეიძინა.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარიმართა, რომლის ფარგლებშიც, კომპლექსური მოქმედებები ჩატარდა, მათ შორის, პროკურატურის ინფორმაციით, დაიკითხა დაახლოებით 600 პირი, ოჯახის წევრების, ადვოკატების და ოჯახის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. გამოძიების თანახმად, კიწმარიშვილს მარჯვენა საფეთქელზე „მჭიდრო მიბჯენით“ ჰქონდა ნასროლი.
„ავტომანქანის სალონში აღმოჩენილი სისხლის შხეფების განლაგების, სროლის ტრაექტორიის, ე.კიწმარიშვილის სხეულზე და ტანისამოსზე აღმოჩენილი დენთის კვალის, ცეცხლსასროლ იარაღზე აღმოჩენილი დნმ-ის კვალის და ა/მანქანაში მხოლოდ გარდაცვლილის ტანისამოსის მიკრონაწილაკების აღმოჩენის მხედველობაში მიღებით გამოირიცხა სროლის დროს ავტომობილში ან მისგან ისეთ დისტანციაზე სხვა პირის ყოფნა, საიდანაც შესაძლებელი იყო სროლის განხორციელება“, – აღნიშნა მთავარმა პროკურატურამ განცხადებაში, რომელსაც ასევე ახლავს თან თვითმკვლელობის ვერსიის მამტკიცებელი ვიდეო.
პროკურატურის ინფორმაციით, დოკუმენტურად დადგინდა, რომ გარდაცვალების დროს კიწმარიშვილის ოჯახს კერძო პირებთან, ორგანიზაციებთან და ბანკებთან საერთო ჯამში ჰქონდა დავალიანება 312 000 აშშ დოლარის და 120 000 ლარის ოდენობით. ეს უკანასკნელი თანხა, პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილს იმ პირების ემართა, რომლებიც გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ჩართულნი იყვნენ მის საარჩევნო კამპანიაში რუსთავში, სადაც ის ქალაქის მერად იყრიდა კენჭს და დამარცხდა.
„ეროსი კიწმარიშვილს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი ამ დავალიანების დასაფარად“, – განაცხადა პროკურატურამ, „აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ კიწმარიშვილის კომპიუტერში აღმოჩნდა საუბრის ჩანაწერი, რა დროსაც იგი აცხადებს, რომ მას გააჩნია მატერიალური პრობლემები, რის გამოც მიმდინარე პრობლემებსაც ვეღარ უმკლავდება“.
„საბოლოოდ, ზემოთ მითითებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბმა, რომელიც გამოძიების პროცესშიც ეჭვის თვალით უყურებდა თვითმკვლელობის ვერსიას, განაცხადა, რომ პროკურატურის შემაჯამებელ არგუმენტებს, მათ შორის გარდაცვალების მოტივს, არ იზიარებს.
„ვთვლი, რომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეროსი კიწმარიშვილმა ამ თანხის გამო გადაწყვიტა თვითმკვლელობა“, – განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა და დაამატა, რომ პროკურატურის პოზიციის საწინააღმდეგოდ „გვაქვს ძალიან ბევრი არგუმენტი“, რომელზეც მოგვიანებით დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ადვოკატთან ერთად ისაუბრებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)