საქართველომ და ევროკავშირმა ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ 23 ივნისს ბრიუსელში ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ შეთანხებას მოაწერეს ხელი.
ძალაში შესვლის შემდეგ, შეთანხმება საშუალებას მისცემს ევროკომისიას, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს და ევროკავშირის საბჭოს, რომ საიდუმლო ინფორმაცია გაცვალონ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან.
შეთანხმება, სავარაუდოდ, 2016 წლის ბოლოდან ამოქმედდება მას შემდეგ, რაც საქართველო და ევროკავშირი მისი რატიფიკაციის პროცედურებს დაასრულებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის სფეროში ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოებას“.
შეხვედრის დროს ჯანელიძემ და მოგერინიმ ევროკავშირი–საქართველოს თანამშრომლობის მთელი რიგი პრიორიტეტული საკითხები განიხილეს, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელება, ვიზალიბერალიზაცია, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ასევე „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება“, განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.
„ვიცით, რომ ოქტომბერში მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მანამდე და შემდეგაც ისეთივე შესანიშნავი იქნება, როგორც აქამდე“, – განაცხადა მოგერინიმ.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაიდო გერმანიის მიერ ბოლო მომენტში გამოთქმული წინააღმდეგობის გამო.