ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროში წვევამდელების გაწვევის გაუქმების ბრძანებას მოაწერა ხელი

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც თავდაცვის სამინისტრო წვევამდელების გაწვევას აღარ განახორციელებს – ამ გადაწყვეტილებას ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს კრიტიკა მოყვა.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მთავრობის და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე უნდა განხილულიყო. ანალოგიური პოზიცია გამოთქვა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.

ეს გადაწყვეტილება მთლიანად გაწვევის სისტემის გაუქმებას არ ნიშნავს, რადგან ის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ეხება.   

წვევამდელების დიდ ნაწილს სხვა სამინისტროები და სახელმწიფო სააგენტოები იწვევენ სავალდებულო სამსახურში; ეს უწყებებია: შინაგან საქმეთა სამინისტრო; სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; სასჯელაღსრულების სამინისტრო და დაზვერვის სამსახური. 
გაწვევის სისტემა კვლავ იმოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრომ მისი გამოყენება შეწყვიტა მანამ, სანამ ძალაში დარჩება შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

„ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარებას, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა.  ეს არ გამოვიდა, თუმცა,  ვიპოვეთ სხვა ფორმა.  მე, როგორც თავდაცვის მინისტრს შემიძლია,  ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო და ახლა, თქვენი თანდასწრებით მე ბრძანებას ვაწერ ხელს, რომლითაც ვაცხადებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას“, – განუცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს 27 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე. შეიარაღებულ ძალებში სამსახური პრესტიჟულია საქართველოში და არის ძალიან მაღალი მოთხოვნა“, – განაცხადა მან.

თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შემდგომ მინისტრებს მისი ბრძანების გაუქმება მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუ ჯარში წვევამდელების დაბრუნებას გადაწყვეტენ.

პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა: „პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება, მისი მრავალმხრივი ასპექტიდან გამომდინარე, საჭიროებს მთავრობის სხდომის ფორმატში განხილვას და შესაბამის დასტურს. პრემიერი ასევე თვლის, რომ საკითხი უნდა იქნას განხილული უშიშროების საბჭოს მიერ“.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილის პოზიციას ეთანხმება.

„ასეთი გადაწყვეტილებები – მიუხედავად იმისა, რამდენად სწორია, ვეთანხმები, თუ არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებებს – არ უნდა იყოს მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ უნდა იქნას განხილული კოლეგიალურად როგორც მთავრობის სხდომაზე, ისე უშიშროების საბჭოში“, – განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ორშაბათს.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრი ამ გადაწყვეტილების მიღებას გეგმავდა.

პარტია ქართული ოცნების დეპუტატებმა გააკრიტიკეს რესპუბლიკელი მინისტრის, თინა ხიდაშელის ცალმხრივი გადაწყვეტილება და ის მისი პარტიის მიერ ქულების დაწერის მცდელობად შეაფასეს. კოალიცია ქართულმა ოცნებამ განაცხადა 31 მარტს, რომ მისი წევრები მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად იყრიან კენჭს.

პარტია ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ მართალია ტექნიკურად თავდაცვის მინისტრს აქვს უფლება, რომ წვევამდელთა გაწვევა თავდაცვის სამინისტროში არ განახორციელოს, მაგრამ ხიდაშელის ცალმხრივი გადაწყვეტილება თავდაცვის პოლიტიკის საკითხში ჩარევას ნიშნავს, ვინაიდან პარლამენტის კომპეტენციაა გაწვევის საკითხები კანონმდებლობით დაარეგულიროს.

„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი ეს განცხადება უფრო მეტად ემსახურებოდა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და პოლიტიკური პიარის ნაწილი იყო. მითუმეტეს, როდესაც შესაძლოა მან თანამდებობა დატოვოს ორი კვირის შემდგომ და მიდგომა ისეთი, რომ თუ მომავალ მინისტრს ეს არ მოეწონება, შეუძლია შეცვალოს, არასერიოზულია. მითუმეტეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის თავდაცვაზე, რომელიც საერთო ეროვნული ინტერესების მატარებელია“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ ეს „პოპულისტური ნაბიჯია“, ვინაიდან ვერ აგვარებს პრობლემას, რადგანაც წვევამდელების გაწვევა მაინც განხორციელდება სხვა სამინისტროების მიერ.

პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩი“, რომლის დეპუტატებიც აქტიურად ლობირებდნენ საკანონმდებლო ცვლილებებს გაწვევის სისტემის გასაუქმებლად, განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება მხოლოდ წვევამდელების 25%–ს შეეხება, ვინაიდან ის სხვა სამინისტროებზე არ ვრცელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)