ჯონ კერი ოპოზიციონერ ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 7 ივლისის დილით საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება ნაციონალური მოძრაობიდან და თავისუფალი დემოკრატებიდან. ფოტო: სახელმწიფო დეპარტამენტი
თბილისში ვიზიტის დასრულების წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ორი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერებს და შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა ხუთშაბათს დილით.
ოპოზიციასთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგა ბოკერიამ, ასევე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და დეპუტატმა მისი პარტიიდან ვიქტორ დოლიძემ.
„შეხვედრაზე იყო ორი მთავარი თემა და ორივეს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა საქართველოს მომავლისთვის“, – განუცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს, „პირველი ეხებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, თანამშრომლობას სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების შემდგომი მხარდაჭერა არის საუკეთესო გარანტი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის დაცულობის; და მეორე თემა, რომელიც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გახლდათ ქვეყანაში დემოკრატია და მომავალი არჩევნები. ამ თვალსაზრისით, მესიჯი ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან არის აბსოლუტურად ღია, მკაფიო და გასაგები, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, რაც გულისხმობს თავისუფალი მედიის არსებობას და ამ კონტექსტში ძალიან დეტალური საუბარი იყო „რუსთავი 2“-ზე და სხვა მედია საშუალებებზე, საუბარი იყო ძალადობის დაგმობაზე და ხელისუფლების მხრიდან იმ ნაბიჯების დაუშვებლობაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამომრჩევლის თავისუფალი არჩევანის უფლებას და აგრეთვე, იმ გარემოზე და იმ პრობლემებზე, რომელიც შექმნა, მაგალითად, პოლიტიკურმა დევნამ და გამოუძიებელი ძალადობის ფაქტებმა – ორივე მიმართულებით, ქვეყნის უსაფრთხოების და ქართული დემოკრატის გაძლიერების კუთხითაც, სიგნალები ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან არის აბსოლუტურად მკაფიო და იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება ამ სიგნალებს შეისმენს“.
„ჯონ კერი არის საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ძალიან მკაფიო გზავნილით ორივე მთავარი მიმართულებით ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობიდან, „ეს არის მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის იმ გამოწვევის ფონზე, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვიქმნის – რუსეთი და ეს არის მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიის და მკაფიო გზავნილი ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ ეს ორი საკითხი არის ურთიერთდაკავშირებული. ჩვენი ქვეყნის ამოცანაა, რომ ასეთი მეგობრების მხარდაჭერით ჩვენ გავაძლიეროთ და ვიხსნათ იმ საფრთხისგან ჩვენი დემოკრატია, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი უქმნის და გავაძლიეროთ ჩვენი საგარეო უსაფრთხოების თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან“.
„ძალიან პოზიტიური, საქმიანი და ღრმა დისკუსია გვქონდა საქართველოს მომავალზე. მთავარი ამოცანა ჩვენთვის, ბუნებრივია, არის საქართველო გახდეს ძლიერი, დაცული; ამიტომ ვისაუბრეთ სამხედრო თანამშრომლობის ზრდაზე, ნატოს სამიტზე და რა თქმა უნდა, ნატოს მხარდაჭერაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით, ასევე ვისაუბრეთ, რომ საქართველო გახდეს რეალური დემოკრატია და ვისაუბრეთ არჩევნებზე, მედიის თავისუფლებაზე, განსაკუთრებით, სატელევიზიო მედიაში მიმდინარე პროცესებზე და ძალიან ნათელი პოზიცია დააფიქსირა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება მედიის მხარდამჭერი და მას აქვს ზუსტი ინფორმაცია, რა ვითარებაშია დღეს მედია და დიდი იმედი აქვს, რომ ეს შეხვედრები, რაც ჩაატარა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამ მიმართულებითაც პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს“, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და დასძინა, რომ შეხვედრაზე „რუსთავი 2“-ის საკითხმაც წამოიწია.
„ძალიან დიდი დრო დაეთმო ჩვენს საუბარს არჩევნების და საარჩევნო გარემოს თაობაზე. ის რომ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს პასუხისმგებელი სამართლიანი, სწორი, ევროპული არჩევნების ჩატარებაზე, აქ ორი აზრი არ არის, მაგრამ პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ „თავისუფალი დემოკრატებიდან“.
ოპოზიციის ამ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია რესპუბლიკური პარტიისა, რომელიც ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან მმართველ კოალიციაში რჩება, თუმცა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად გეგმავს.
„მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო ვარშავის სამიტის წინ; ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ვაღრმავებთ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვისაუბრეთ იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც გუშინ მოეწერა ხელი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, მოგვცემს საშუალებას უკეთ ჩავერთოთ საერთაშორისო პროცესებში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენთვის, საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ბევრი სხვა მიმართულებით – ეკონომიკის აღორძინების მიმართულებით და დემოკრატიის განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა.
სახელმწიფო მდივანმა კერიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 6 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ“ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის აშშ-ის მხარდაჭერას მთელი რიგი მიმართულებებით დაწყებული თავდაცვითი შესყიდვებით და დამთავრებული ინფორმაციის ფართო გაზიარებით.
მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კერიმ 6 ივლისს განაცხადა, რომ ეს „კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი“ იქნება.
„საქართველო რეგიონში მშვიდობიანი დემოკრატიული ცვლილების და საარჩევნო პირობების გაუმჯობესების მოდელია სხვებისთვის“, – განაცხადა კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ოთხშაბათს.
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება უფრო მეტი უსაფრთხოებისკენ, მეტი სტაბილურობისკენ და მეტი კეთილდღეობისკენ ქვეყნის მოსახლეობისთვის. ყველა ჩვენს საუბარში ვიმსჯელეთ ისეთი საარჩევნო გარემოს საჭიროებაზე, რომელიც თავისუფალი იქნება დაშინებისგან და ასევე შემდგომი პროგრესის შესახებ მედიის თავისუფლების დასაცავად“, – განაცხადა მან.
თბილისიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში გაემგზავრა, საიდანაც ის უკვე ვარშავას ეწვევა 8-9 ივლისს ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)