ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტი საქართველოს, უკრაინის და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტმა 7 ივლისს მიიღო სარეკომენდაციო ხასიათის მქონე დასკვნა, რომელიც მოუწოდებს საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას შენგენის ზონაში.
ვიზალიბერალიზაციის სასარგებლოდ მიღებული ეს გადაწყვეტილებები სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტში (LIBE) გაიგზავნება, რომელიც ამ საკითხზე წამყვანი კომიტეტია.
LIBE-ს კომიტეტში საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის დაშვების საკითხზე კენჭისყრა ზაფხულის არდადეგების შემდეგ არის მოსალოდნელი.
საკითხი შემდეგ ევროპარლამენტის სესიაზე გავა განსახილველად, რომლის პირველი სხდომაც საზაფხულო არდადეგების შემდეგ 12 სექტემბერს არის ჩანიშნული.
ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის ძალაში შესვლამდე, მას ასევე ესაჭიროება დამტკიცება ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების საბჭოს მიერ, რომელმაც ივნისში ვერ შეძლო ამ საკითხზე შეთანხმება გერმანიის მხრიდან ბოლო მომენტში გამოთქმული წინააღმდეგობის გამო, რამაც შეამცირა საქართველოს იმედები ვიზალიბერალიზაციის ამ ზაფხულს მიღების თაობაზე და პროცესი სულ მცირე შემოდგომამდე გადადო.
- ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე იმსჯელეს
- მერკელის თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან კოორდინაციაში
- ევროკავშირის მინისტრები ვიზალიბერალიზაციაზე მსჯელობენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი არ არის
- კვირიკაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: საქართველომ თავისი წილი შეასრულა, ახლა ჯერი ევროკავშირზეა
- საქართველოს და გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ბერლინში ვიზალიბერალიზაციაზე იმსჯელეს
- მარგველაშვილი ბრიუსელში დონალდ ტუსკს შეხვდა
- კვირიკაშვილმა და მერკელმა სატელეფონო საუბრისას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე ისაუბრეს
ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი უვიზო რეჟიმის სწრაფი და გამარტივებული შეჩერების მექანიზმის შემოღებას დაუკავშირა – ეს პოზიცია ასევე გამოთქვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 15 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ. თუმცა მან ასევე მიანიშნა, რომ საქართველოს საკითხი შეიძლება ასევე დაუკავშირდეს უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის საკითხსაც.
7 ივლისს ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა დაამტკიცა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ვიზალიბერალიზაციის გამარტივებული პროცედურით შეჩერებას, 6 თვის ნაცვლად, 2 თვეში იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც იზრდება უვიზო პირობების დარღვევის, თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა, ქვეყანა არ უზრუნველყოფს ევროკავშირში არალეგალურად მყოფი მისი მოქალაქეების დაბრუნებას ან ჩნდება „შიდა უსაფრთხოებისთვის საგრძნობლად გაზრდილი რისკი“.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე დასკვნას 43-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 5-ის წინააღმდეგ, 3-მა კი თავი შეიკავა.
ანალოგიური დასკვნა უკრაინის შესახებ 42 ხმით იქნა მიღებული 3-ის წინააღმდეგ, 6-მა თავი შეიკავა, ხოლო კოსოვოსთან მიმართებაში გადაწყვეტილებას 38-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 7-ის წინააღმდეგ და 6-მა თავი შეიკავა.