ხიდაშელი ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს

ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები დაეხმარება საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს, მათ შორის საქართველოს საჰაერო თავდაცვითი სისტემის ალიანსის სისტემაში ინტეგრირების გზით, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

8 ივლისს ვარშავის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნატო და საქართველო „ახალ ნაბიჯებზე“ შეთანხმდნენ  ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.

ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი განცხადების თანახმად, „ახალი ინიციატივები“ მოიცავს „მხარდაჭერას საქართველოს საჰაერო თავდაცვის და საჰაერო მეთვალყურეობის სფეროში“. 

„რაც შეეხება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საშუალებებს, ძირითადი და პირველი, ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო სფერო“, – განუცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „იმედს“ ვარშავიდან 8 ივლისს.

„თქვენ იცით, რომ ფრანგებთან ხელშეკრულება გვაქვს, რის საფუძველზეც დავიწყეთ შეიარაღებული ძალების ამ სეგმენტის განვითარება, მაგრამ პირველი დღიდან მოყოლებული ჩვენ ნატოსგან ვითხოვდით დამატებით საშუალებებს, და მეორე რაც უფრო მნიშვნელოვანია, ნატოს სისტემაში ინტეგრაციას. ჩვენ დღეს მივიღეთ ეს. ანუ 2017 წლის იანვრიდან, რაც ჩვენ დავიწყებთ ფრანგული ხელშეკრულების აქტიური ფაზის რეალიზაციას, სწორედ დღეს აქ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა იქნება სრულად ინტეგრირებული ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემასთან“, – განაცხადა ხიდაშელმა, რომელიც თავის ფრანგ კოლეგას ჟან-ივ ლე დრიანს ივნისში პარიზში შეხვდა.

გასული წლის ბოლოს საქართველომ სასესხო ხელშეკრულება გააფორმა ფრანგულ ბანკ Société Générale–თან საფრანგეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის დაფინანსების თაობაზე. სესხი მხარდაჭერილია კრედიტების დაზღვევის ფრანგული სააგენტოს Coface-ს მიერ.

სესხის მთლიანი მოცულობიდან 52.65 მილიონი ევრო მოხმარდება აღჭურვილობის და მომსახურების შეძენას ThalesRaytheonSystems–სგან, რომელიც რადარებს, საჰაერო თავდაცვის სამეთაურო სისტემებს აწარმოებს. 24.98 მილიონი ევრო მოხმარდება კომპანია MBDA–დან შესყიდვების დაფინანსებას.

ნატო-საქართველოს კომისიამ ასევე განაცხადა, რომ ალიანსის წევრები „ საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების მიზნით, ორმხრივ ფორმატშიც ახორციელებენ სხვადასხვა პროგრამებს“.

6 ივლისს თბილისში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოსთან თავდაცვითი და უსაფრთხოების პარტნიორობის გაღრმავების შესახებ, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას სასაზღვრო, საზღვაო და საჰაერო უსაფრთხოების კუთხით და ასევე ინფორმაციის მზარდ გაზიარებას.

ხიდაშელი ასევე შეეხო გადაწყვეტილებას, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას უკავშირდება.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები „მიესალმნენ საქართველოს ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიულ განხილვაში“ და განაცხადეს, რომ ალიანსი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

„თუ შავ ზღვასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილებს მიიღებს ნატო, საქართველოც უნდა იჯდეს იმ მაგიდასთან, სადაც დაიწერება სამოქმედო გეგმები, სადაც შეთანხმდება მექანიზმები, სადაც საუბარი იქნება შავ ზღვაზე თავდაცვისუნარიანობის საშუალებების გაძლიერებაზე. ჩვენ დღეს ნატომ მიგვიწვია სტრატეგიულ დიალოგზე შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ჩვენთვის“, – განაცხადა ხიდაშელმა.

2015 წლის დეკემბრის მსგავსად, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა 8 ივლისსაც გაიმეორეს, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან „მოიცავს ყველა პრაქტიკულ მექანიზმს საბოლოო წევრობისათვის მოსამზადებლად“, თუმცა აღნიშნეს, რომ ალიანსში გაწევრიანებამდე ქვეყანამ წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ეტაპი უნდა გაიაროს, რომელზეც საქართველოს უარს 2008 წლიდან ეუბნებიან.
 
MAP-ის მინიჭება საქართველოსთვის ვარშავის სამიტზე მოსალოდნელი არ იყო.
 
საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ MAP–ის მიღება, როდესაც ამაზე ალიანსში კონსენსუსი მიიღწევა, ფაქტიურად, ნატოში წევრობაზე მიწვევის ტოლფასი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

„ნატოს წევრობას ვერაფერი ანაცვლებს, მაგრამ ჩვენ ამოცანად, რადგან წევრობა არ იყო ჰორიზონტზე, დავისახეთ, რომ ყველა ის მექანიზმი, რომელიც ამ გზაზე არსებობს, ჩვენს ხელთ ყოფილიყო და ყველა ამ მექანიზმის თანამონაწილე ყოფილიყო საქართველო. ამიტომ არის ეს სამიტი ისტორიული ჩვენთვისაც“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)