საქართველო ნატოს ვარშავის სამიტის კომუნიკეში

ქვემოთ მოცემულია ნატოს ვარშავის სამიტის კომუნიკეს ის მონაკვეთები, რომლებიც საქართველოს ეხება, 9 ივლისი, 2016 წელი:

23. … შავი ზღვის რეგიონში, უსაფრთხოების სიტუაცია ბოლო წლებში გაუარესდა. ჩვენ კვლავაც გავამახვილებთ ყურადღებას რეგიონში განვითარებული მოვლენების შედეგებზე ნატოსთვის  და გავითვალისწინებთ მათ ალიანსის მიდგომებსა და პოლიტიკაში. ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს, როგორც საჭიროა, შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნების რეგიონალურ ძალისხმევას, რაც მიზნად ისახავს უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ასევე გავაძლიერებთ დიალოგს და თანამშრომლობას საქართველოსთან და უკრაინასთან ამ კუთხით…

101. პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივის ფარგლებში, უელსში ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ თანამშრომლობის ფართო შესაძლებლობები შევთავაზოთ ავსტრალიას, ფინეთს, საქართველოს, იორდანიას და შვედეთს, ნატოში მათი მნიშვნელოვანი წვლილის აღიარების ნიშნად. ეს პარტნიორები სულ უფრო მეტად არიან ჩართული ნატოს მუშაობაში ჩვენს საერთო უსაფრთხოების გამოწვევებზე. მათი მონაწილეობა ამ სამიტში ადასტურებს იმ ღრმა კავშირებს, რომელიც ჩვენ მათთან დავამყარეთ. თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური ურთიერთობა გვაქვს, ჩვენი და მათი საჭიროებების, გარემოებების და ამბიციების მიხედვით, ასევე ნატოს უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისად …

110.  დღეს ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკის მიმართ, რაც ვაშინგტონის ხელშეკრულების დამფუძნებელი პრინციპი და ალიანსის ერთ–ერთი დიდი წარმატებაა.  ამის ნათელი დასტურია დღეს ჩვენთან ერთად მონტენეგროს ყოფნა და მოუთმენლად ველით, რომ ეს ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ჩვენი წევრი… მოვუწოდებთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან – საქართველოს,  ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას და ბოსნია და ჰერცეგოვინას – განაგრძონ საჭირო რეფორმების და გადაწყვეტილებების განხორციელება  წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ მათი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა მათ საკუთარი მისწრაფებების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯები გადადგან.

111. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი იქნება წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP); დღეს ჩვენ ვადასტურებთ იმ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ასევე მის შემდგომ გადაწყვეტილებებს. მივესალმებით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც 2008 წლიდან იქნა მიღწეული. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება  დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს, რომ ნატოსთან დასაახლოვებლად კვლავაც სრულად გამოიყენოს ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც მას ნატო–საქართველოს კომისიამ შესთავაზა, ასევე ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, თავისი როგორც ფართო შესაძლებლობების მქონე პარტნიორის როლი, ჩვენს თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდის ინიციატივაში მონაწილეობა და ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტი. ნატო დიდად აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან და უწყვეტ წვლილს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში და აღიარებს იმ მსხვერპლს და წვლილს, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის.

112.  მივესალმებით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც უელსის სამიტზე ინიცირებული ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში იქნა მიღწეული.  ამჟამად 30-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების ექსპერტი საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში ეხმარება. საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ამ ძალისხმევაში მნიშვნელოვანი რესურსების გამოყოფით. ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერებას ეხმარება, კვლავაც აქტიურად მუშაობს. კვლავაც უზრუნველვყოფთ საჭირო რესურსებს არსებული პაკეტის განხორციელებისთვის, რომლის მიზანიცაა საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და ამიტომაც, ეხმარება საქართველოს ალიანსში წევრობისთვის შემდგომ მომზადებაში. შევთანხმდით დამატებით პრაქტიკულ ნაბიჯებზე ჩვენი ძალისხმევის გასაძლიერებლად, რაც ასევე მოიცავს მხარდაჭერას საქართველოს კრიზისების მართვის შესაძლებლობების, წვრთნისა და მომზადების, და სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესების კუთხით. მოკავშირეები დაეხმარებიან საქართველოს საჰაერო თავდაცვის და საჰაერო მეთვალყურეობის განვითარების სფეროში. ასევე გავამახვილებთ ყურადღებას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

113.  კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. მივესალმებით საქართველოს მზადყოფნას, რომ არ გამოიყენოს ძალა და მოვუწოდებთ რუსეთს, რომ ანალოგიური ნაბიჯი გადადგას.  მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გააუქმოს  საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე საზღვრის მსგავსი ბარიერების აღმართვა და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოდან.  ნატო არ ცნობს საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთს შორის 2014 წლის ნოემბერში და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და რუსეთს შორის 2015 წლის მარტში ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულებებს. ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეუთოს პრინციპებს და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციული როლი ითამაშონ, ასევე განაგრძონ ახლო მუშაობა ეუთოსთან, გაეროსთან და ევროკავშირთან, რათა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას მიაღწიონ.