ევროკომისარი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ საუბრობს



ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი სიტყვით გამოდის მე-13 ყოველწლიურ კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა", 2016 წლის 14 ივლისი, ბათუმი. 

ბათუმში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ ბრექსიტის მიუხედავად, ევროკავშირი თავის სამეზობლოში პარტნიორი ქვეყნების ერთგული რჩება.

ბათუმში მე–13 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ გამოსვლისას, ჰანმა ასევე ისაუბრა ასოცირების შეთანხმების და მასთან ერთად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელებაზე, ასევე ვიზალიბერალიზაციაზე და პარტნიორების ეკონომიკური განვითარების საქმეში ევროკავშირის წვლილის ძირითად პრინციპებზე; ამასთან, მან ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობასაც.

ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებაზე სარეფერენდუმო გადაწყვეტილების (ბრექსიტი) შემდეგ, მისი თქმით, მნიშვნელოვანია „დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირი იმ ვალდებულებების ერთგული რჩება, რომელიც თავის სამეზობლოში პარტნიორი ქვეყნების წინაშე აიღო“. 

„არანაირი ცვლილება არ იქნება ჩვენს ურთიერთობებში, იგივე ენერგიით ვიმუშავებთ თქვენთან ერთად, კერძოდ, კი თქვენს ევროპულ პერსპექტივაზე“, – განაცხადა ჰანმა. 

„თქვენ ჩვენს მეზობლებად რჩებით – ბრექსიტი იქნება თუ არა – თქვენ ჩვენი მეზობლები ხართ და ძლიერი ინტერესი გვაქვს, რომ თქვენთან ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ, მხარი დაგიჭიროთ ევროკავშირთან დაკავშირებულ ინიციატივებში და ასევე მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ აქ, რეგიონში“, – განაცხადა ევროკომისარმა.

იმავე კონფერენციაზე საქართველოს ევროპულ გზაზე საუბრისას, პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხალხს ხშირად ავიწყდება ევროკავშირის სარგებელი. მისი თქმით, ყველა მინისტრს დაავალა, რომ გაზარდონ  საზოგადოების ცნობიერება ევროკავშირის სარგებლის შესახებ და ამ კუთხით ევროპული ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ძალისხმევა გამოყო. „ის [ბაქრაძე] ისეთი კარგია ამ მხრივ, რომ შესაძლებელია მისი მიწვევა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში იმავეს გასაკეთებლად“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

რაც შეეხება საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, ევროკომისარმა ჰანმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ეს პროცესი, სავარაუდოდ, ყველაზე გვიან ოქტომბერში დასრულდება.

„სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ უვიზო მიმოსვლა კვლავაც მთავარი პრიორიტეტი იქნება მთავრობისთვის. საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ვალდებულება შეასრულა“, – განაცხადა ჰანმა.

„ეს ნამდვილად დიდი წარმატება და საქართველოს შესაბამისი მთავრობების და მათი რეფორმებზე ორიენტირებული ადმინისტრაციების დამსახურებაა, რამაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება მთავარ ეროვნულ პრიორიტეტად აქცია, რასაც, თუ სწორედ მესმის, ქვეყანაში ყველა ძირითადმა პარტიამ დაუჭირა მხარი“, – განაცხადა მან.

„მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში ვიზების გარეშე მოგზაურობას და მჯერა, რომ ამ დღიდან არც ისე შორს ვართ… არაუგვიანეს წლევანდელი ოქტომბრისა“, – განაცხადა ჰანმა.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა  12 ივლისს განაცხადა, მის ქვეყანას, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარეს, აქვს „ამბიცია“, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დასრულდეს.

ასოცირების შეთანხმება და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება (DCFTA), რომელსაც ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წელს მოაწერეს ხელი, ძალაში სრულად 2016 წლის 1 ივლისს შევიდა. 

ევროკომისარმა ჰანმა განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელება „პროგრესირებს“.

„საქართველომ DCFTA–ით აღებული პირველი წლის ვალდებულებების უმეტესობა შეასრულა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ქვეყანამ ამ მიზნის მისაღწევად „რთული სამუშაო“ გასწია.

„თუმცა სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შესასრულებელია“, – განაგრძო მან, „საქართველომ გადაწყვიტა, რომ ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების უმეტესობა მოგვიანებით განახორციელოს. DCFTA–ის განხორციელების [მისი დროებითი გამოყენება 2014 წლის სექტემბრიდან დაიწყო] მესამე წლიდან – ანუ 2017 წლიდან“.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკეული მნიშვნელოვანი სავაჭრო საკითხების მოგვარება არც ისე შორეულ მომავალში იქნება საჭირო“, – განაცხადა ჰანმა და ასევე ხაზი გაუსვა, რომ DCFTA –სთან სრული ადაპტაცია მხოლოდ მთავრობის ამოცანა არ არის, არამედ ის მოითხოვს „პარლამენტის და მთელი საზოგადოების ძლიერ და თავდადებულ ჩართულობას“.

მისი თქმით, ეს გულისხმობს ასობით ან ათასობით რეგულაციის შემოღებას, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. 

„ერთ–ერთი ასეთი თემაა ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები – აქ საქართველო უკვე დიდ პროგრესს აღწევს, განსაკუთრებით როდესაც საქმე ევროპული სტანდარტების შემოღებას ეხება, რაც დააჩქარებს საქართველოში საწარმოების მოდერნიზაციის პროცესს, როგორც ევროკავშირში ექსპორტიორების, ასევე იმათიც, ვინც საქართველოს შიდა ბაზარზე მუშაობენ“, – განაცხადა ჰანმა.  

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ბიზნეს კლიმატის „გაუმჯობესება“ კიდევ ერთი „დადებითი მოვლენაა“.

ეკონომიკური განვითარება ევროკავშირის ძალისხმევის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია სამეზობლოში სტაბილიზაციის თვალსაზრისით.

ამ რთული მიზნის მისაღწევად, განაცხადა ჰანმა, ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ, რათა უზრუნველყონ პოლიტიკური სტაბილურობა, ჯანსაღი ეკონომიკური მმართველობა, ძლიერი საბაზრო ინსტიტუტები და გახსნილი შესაძლებლობების გარემო კერძო სექტორისთვის.

„ორი საკითხია, რაზეც განსაკუთრებით ვამახვილებთ ყურადღებას: კორუფციის დაძლევა და სასამართლო სისტემის რეფორმა,“ – განაცხადა მან.

„ეს ისეთი საკითხებია, რომლებიც ან აგვაშენებს ან დაგვაქცევს. თუ ეს წარმატებით არ მოგვარდა, მაშინ სხვა ვერაფერი იქნება წარმატებული. კანონმდებლობა  უსარგებლოა, თუ სასამართლომ ის არ დაიცვა“, – განაცხადა ჰანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)