კვირიკაშვილი: ‘ჩვენ ძალიან დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას’

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი თვალყურს ადევნებს მეზობელ თურქეთში განვითარებულ მოვლენებს, სადაც სამხედრო გადატრიალების მცდელობას აქვს ადგილი.

თურქეთში განვითარებული მოვლენების და მათი საქართველოზე შესაძლო ზემოქმედების განხილვის მიზნით მოწვეული ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომამდე გაკეთებულ განცხადებაში პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისმა შესაძლოა ჩაკეტოს საზღვარი თურქეთთან, რომელიც საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

„ჩვენ ძალიან დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას… იმედი გვაქვს, მალე დაწყნარდება სიტუაცია და დაუბრუნდება ჩვეულებრივ კალაპოტს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა.

„ყველა საზღვარზე არის გაძლიერებული კონტროლი. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ჩავკეტავთ საზღვარს თურქეთთან, ყველა პუნქტს. ჯერ-ჯერობით, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება, არანაირი არეულობა არ შეინიშნება. ვფიქრობ, ჩვენს მხარეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არანაირი რისკები არ არსებობს“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ავიაკომპანიებმა „შეაჩერეს ფრენები“. თბილისი–სტამბოლის და სტამბოლი–თბილისის მიმართულებით ყველაზე დატვირთული ფრენებია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)