საქართველოს მოქალაქე ნიცის ტერაქტის დროს დაღუპულთა შორის აღმოჩნდა

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბოლო წლებში ბელგიაში ცხოვრობდა, 14 ივლისს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულებს შორის აღმოჩნდა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ორშაბათს.

„სამწუხაროდ დღეს ფრანგულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა მიმდინარე წლის 14 ივლისს ქ. ნიცაში განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქის (ეკმალიანი რომანი, დაბ. 1960წ.) არსებობის შესახებ ინფორმაცია“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით, რომლის ოჯახიც მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

„საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას“, – ნათქვამია განცხადებაში, „მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ“.

ტერორისტული თავდასხმა ნიცაში, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის დროს მოხდა, როცა ამ მიზნით შეკრებილ მოქალაქეებში შევარდნილმა სატვირთო ავტომობილმა 84 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 200-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაგმეს ეს საშინელი ტერაქტი და მიუსამძიმრეს საფრანგეთის მთავრობას და ფრანგ ხალხს. 

"კვირა აღარ გადის, რომ ჩვენ ერთმანეთს  სამძიმარს არ ვეუბნებოდეთ და ნამდვილად უფრო ქმედითი რაღაც არის გასაკეთებელი", – განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა 15 ივლისს და აღნიშნა, რომ მსგავსი ტრაგედიების ასაცილებლად საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს.