საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქ კოლეგას, პრეზიდენტ ერდოღანს შეხვდა



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ანკარაში, 2016 წლის 19 ივლისს გამართული შეხვედრის დროს. ფოტო: თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სტაბილური და ძლიერი თურქეთი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ მთელი რეგიონისთვის და საქართველოსთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის თურქ კოლეგასთან ბინალი ილდირიმთან 19 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ.

სამშაბათს საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა ანკარაში მის საპრეზიდენტო სასახლეში; შეხვედრას ასევე ესწრებოდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი.

რვა მინისტრის თანხლებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა ანკარას, სადაც გაიმართა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა – ვიზიტიც და საბჭოს დაფუძნებაც გასულ კვირას თურქეთში სამხედრო გადატრიალების უშედეგო მცდელობამდე დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი.

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მექანიზმის დაფუძნება „საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა“ და იმედი გამოთქვა, ანკარაში გამართული შეხვედრები „დამატებით იმპულსს შესძენს“ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას.  

თურქეთის პრემიერ–მინისტრმა ილდირიმმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თურქეთში გასული კვირას გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით პირველივე საათებში გამოხატული „ძლიერი მხარდაჭერის“ გამო.

„ჩემი დიდი მეგობარი შეხვდა თბილისში თურქეთის ელჩს გადატრიალების მცდელობის პირველივე საათებში და ძლიერი მხარდაჭერა გამოუხატა მას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ილდიმირმა და დასძინა, რომ კვირას გამართული სატელეფონო საუბრის დროს მისმა ქართველმა კოლეგამ უთხრა, რომ ის მზადაა ანკარას ეწვიოს, როგორც ეს დაგეგმილი იყო, რადგანაც ეს „მნიშვნელოვანი გზავნილი“ იქნება განსაკუთრებით თურქეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე.

„ჩემი ერის, ჩემი ხელისუფლების და თურქი ხალხის სახელით, მინდა მადლიერება გამოვხატო ბატონ კვირიკაშვილის და ქართველი ხალხის მიმართ მათი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა თურქეთის პრემიერ–მინისტრმა და დასძინა, რომ გადატრიალების უშედეგო მცდელობის შემდეგ თურქეთში „ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში ჩადგა“.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 50 000 ჯარისკაცს, პოლიციელს, მოსამართლეს, საჯარო მოხელეს და მასწავლებელს შეუჩერეს უფლებამოსილება ან დააკავეს გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომელიც, როგორც ანკარა აცხადებს, აშშ–ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის მიერ იყო ორგანიზებული.

გიორგი კვირიკაშვილმა თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიულად არჩეული თურქეთის მთავრობის მიმართ გამოთქმული მხარდაჭერა „ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი პირადი მეგობრობიდან გამომდინარე“.

„ეს იყო გაცნობიერებული განცხადება, გამოხატულება იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სტაბილური, დემოკრატიული თურქეთის შეუფერხებელი განვითარება მთლიანად რეგიონში სტაბილურობისათვის და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსათვის. სტაბილური და ძლიერი თურქეთი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოზე განხილულ მთავარ საკითხებს შორის იყო.

„აღვნიშნეთ ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობა, ვინაიდან ჯერ კიდევ გამოუყენებელია შესაძლებლობების გარკვეული პოტენციალი“, – განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა, „ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ გავაფართოვოთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და მაქსიმალურად გავზარდოთ ორმხრივი ვაჭრობა“.  

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრის დროს, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ „მნიშვნელოვანია ბაზრებზე მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაბალანსება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს ექსპორტი თურქულ ბაზარზე“.

შეხვედრის შემდეგ პრემიერ–მინისტრმა ილდირიმმა გამოხატა თურქეთის მხარის მზადყოფნა, რომ იმუშაოს თავისუფალი ვაჭრობის მოქმედ შეთანხმებაში ცვლილებების შესატანად.

მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს ამოქმედების შესახებ ერთობლივ განცხადებაში, თურქეთმა და საქართველომ „დაადასტურეს მზადყოფნა, რომ გააფართოვონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის გზით და ხელშეკრულებაში ასევე შეიტანონ მომსახურებები და სახელმწიფო შესყიდვები, ასევე აამოქმედონ დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთს და ევროკავშირს შორის, წარმოშობის წესების ჰარმონიზების და თურქეთთან და ევროკავშირთან საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციური უპირატესობების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით. 

“დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება თურქეთიდან შემოტანილი ნედლეულით საქართველოში დამზადებული საბოლოო პროდუქციის ევროკავშირში დაუბეგრავად ექსპორტი.

თურქეთი საქართველოს დიდი ხნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2016 წლის პირველ ნახევარში ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 777.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 

2016 წლის იანვარ–ივნისში ექსპორტი თურქეთში 3.7%–ით შემცირდა და 105.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო იმპორტი 5%–ით გაიზარდა და 672.4  მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

პრემიერ–მინისტრმა ილდირიმმა კიდევ ერთხელ გამოხატა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ.

მან ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს შორის სამმხრივი თანამშრომლობა ხელს უწყობს რეგიონალურ სტაბილურობას.

თურქეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ განხილულ საკითხებს შორის იყო მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია საქართველოში – ეს ის მაჰმადიანი მესხები ან მათი შთამომავლები არიან, რომლებიც იოსებ სტალინმა 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან გადაასახლა. თურქული მხარე ამ საკითხს რეგულარულად აყენებს ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსთან, რომელმაც მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის ვალდებულება 1999 წელს, ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო.  საქართველომ მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის შესახებ კანონი 2007 წელს მიიღო.

ანკარაში საქართველოს პრემიერ–მინისტრი 19 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარეს ისმაილ ქაჰრამანს შეხვდა.

თურქეთის ვიზიტის დროს საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია; სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი; კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი; ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი თედო ჯაფარიძე.

მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო ორმხრივ შეხვედრას 2017 წელს საქართველო უმასპინძლებს.

საქართველოში დაბრუნებულმა პრემიერმა კვირიკაშვილმა ანკარაში ვიზიტს „უპრეცედენტოდ წარმატებული“ უწოდა, რამაც არსებული სტრატეგიული პარტნიორობა „თვისობრივად ახალ საფეხურზე“ აიყვანა. 

„შედეგები, რომლითაც ჩვენ ჩამოვედით, არის მართლაც სასიხარულო და მისასალმებელი“, – განუცხადა მან 20 ივლისს ჟურნალისტებს იმ ხუთ ხელშეკრულებაზე საუბრისას, რომელთაც ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.

„დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი რთული თემები, როგორიცაა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მოლაპარაკების გახსნა და საქართველოდან გაფართოება იმ პროდუქციის ჩამონათვალის, რომელიც შეიძლება, რომ შევიდეს თურქეთის ბაზარზე. ეს არის ძალიან დიდი რამ საქართველოში წარმოებისთვის; სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ გაიხსნება კიდევ ახალი მოლაპარაკება ქართული პროდუქციის თურქულ ბაზარზე შეტანისათვის; დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი მტკივნეული თემები, როგორიც იყო მაგალითად, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა და ახლიდან იქნება მოლაპარაკებული, კვლევებზე დაყრდნობით, ისეთი ლოკაცია, რომელიც გარემოს არ დააზიანებს და მოიხსნება ის შეშფოთებები, რომელიც არის დღეს საზოგადოებაში; მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქართველი პრობაციონერები პრობაციას გაივლიან საქართველოში და პირიქით. ეს არის მართლაც ძალიან დიდი შეთანხმება", – განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა ოთხშაბათს თბილისში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)