პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სავარაუდო ზეწოლის თაობაზე დეტალურ ინფორმირებას სთხოვს
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს შეტყობინება გაუგზავნა, რათა მისთვის „სასურველ დროს“ გამოცხადდეს პროკურატურაში და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე.
„გიორგი პაპუაშვილის მიერ დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – განაცხადა პროკურატურამ.
პაპუაშვილმა 21 ივლისს განაცხადა, რომ 9-წევრიანი სასამართლოს ზოგიერთი მოსამართლის მიმართ „ზეწოლა“ და „შანტაჟი“ ხორციელდება, რათა მათ ან ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღონ გადაწყვეტილება, ან გააჭიანურონ იმ ზოგიერთ გახმაურებულ საქმეზე განაჩენის გამოტანა, რომელთაც ამჟამად სასამართლო განიხილავს. მან არ დააკონკრეტა ის საქმეები, რომლებსაც გულისხმობდა, თუმცა იმ გახმაურებულ საქმეებს შორის, რომელსაც ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მიერ შეტანილი რამდენიმე საჩივარი, რომელიც ტელეკომპანიის საკუთრებაზე მიმდინარე დავას უკავშირდება.
პაპუაშვილმა უარი თქვა საჯაროდ ესაუბრა თავისი ბრალდების დეტალებზე, თუმცა განაცხადა, რომ მზად არის უფრო დაწვრილებით ამ საკითხზე ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირებს უამბოს.
პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს 21 ივლისს, რომ ამ ბრალდების გაჟღერებიდან ცოტა ხანში ის ტელეფონით ესაუბრა პაპუაშვილს, ასევე მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს.
„მე შევთავაზე მას [პაპუაშვილს], რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რასაც ის ფლობს, გენერალურ პროკურატურას. მე ასევე ვესაუბრე მთავარ პროკურორს და ისინი მზად არიან, ჩაიბარონ ჩვენება. კარგი იქნება, თუ ყველა ის ადამიანი, ვისაც ამ კუთხით რაიმე სახის ჩივილი გააჩნია, მიმართავს პროკურატურას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ასევე ესაუბრა ტელეფონით პაპუაშვილს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზეწოლის ბრალდებებზე საჯაროდ ისაუბრა.
„გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ყველა იმ განცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენას და მასზე ზემოქმედებას შეეხება“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ და დასძინა, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მომდევნო დღეებში შეხვდება.
21 ივლისს მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ პაპუაშვილი მზად არის შეხვდეს მთავარ პროკურორს მას შემდეგ, რაც პირადად შეხვდება და ინფორმაციას მიაწვდის პრეზიდენტსა და პრემიერ–მინისტრს.
პრეზიდენტი ერთი კვირის წინაც შეხვდა გიორგი პაპუაშვილს და სხვა მოსამართლეებს, როცა ის 15 ივლისს ბათუმში განთავსებულ საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვია „მხარდაჭერის“ ნიშნად. „მჯერა, რომ ისინი გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი რწმენის საფუძველზე მიიღებენ“, – აღნიშნა მაშინ მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)