ქართველი დიპლომატების წინაშე გამოსვლისას კვირიკაშვილი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრობს

გლობალური გამოწვევების ფონზე, „ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ვითარებაზე ადაპტირებადი დიპლომატია გახლავთ“, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 26 ივლისს თბილისის ამბასადორიალზე გამოსვლისას.

გაიხსენა რა პარლამენტის მიერ 8 ივლისს მიღებული ერთობლივი დეკლარაცია, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ  საშინაო საკითხებზე უთანხმოებების მიუხედავად, ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ „ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალა ერთიანია“. 

„ეს კურსი საქართველოს მოქალაქეების არჩევანია და გამოხატავს მთელი საზოგადოების სწრაფვას, ჰქონდეს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომლის ყურადღების ცენტრშიც არის ადამიანი, მისი თავისუფლება და უსაფრთხოება და ამ გზით დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველომ ბოლო წლებში ამ გზაზე „უმნიშვნელოვანეს პროგრესს“ მიაღწია. მან ამ კუთხით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აღნიშნა და თქვა, რომ ეს ევროკავშირთან ინტეგრაციის მხოლოდ დასაწყისია.    

კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში რეალობად იქცევა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება „ერთგვარი გარდატეხა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესში“.

„ამიტომ, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღნიშნული საკითხი უმოკლეს ვადებში გადაწყდეს", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ნატოს, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ის „დაპირებები და მხარდაჭერა“, რომელიც საქართველომ ვარშავის სამიტზე მიიღო თვის დასაწყისში, „კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩრდილოატლანტიკურ ბლოკსა და საქართველოს შორის არსებულ, სიღრმითა და მასშტაბით უნიკალურ პარტნიორობას, პროგრესს ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს წევრობის გარდაუვალობას“.

პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო–აშშ–ის მემორანდუმი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, რომელსაც თვის დასაწყისში სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი,  „ქმნის პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის“.

„მთლიანობაში, აშშ–სთან ურთიერთობაში, ვფიქრობთ მეტი სივრცე და შესაძლებლობა არსებობს თანამშრომლობის მთელი რიგი მიმართულებით განმტკიცებისთვის, იქნება ეს უსაფრთხოება, ეკონომიკა, თუ ხალხთა შორის კონტაქტები“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„საქართველო დიდ ინვესტიციას დებს, რათა სრულად მოახდინოს სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანზიტო კვანძის ფუნქციის რეალიზაცია და შეიძინოს რეგიონული ჰაბის როლი, რაც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, მეტ მშვიდობას და სტაბილურობას მოუტანს მთელს რეგიონს. ამ მიმართულებებით, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვაა საჭირო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის და რუსეთის მიერ ამ რეგიონების „ფაქტობრივი ანექსიის“ პირობებში, „ცხადია შეუძლებელია მათთან რაიმე პროგრესსა და მიღწევაზე საუბარი“, განაცხადა კვირიკაშვილმა.

თუმცა, მან იქვე დასძინა: „შედეგი, რაც რუსეთთან მიმართებაში ჩვენს პრაგმატულ და გაწონასწორებულ პოლიტიკას აქვს და რასაც ალტერნატივა არ გააჩნია, ეს არის ომისა და ღია შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილება განუწყვეტელი პროვოკაციების ფონზე“.

„სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ამ რეალობის ცვლილებას სჭირდება გრძელვადიანი, გონივრული და თანმიმდევრული პოლიტიკა ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა მან. 
 
თავის გამოსვლაში ამბასადორიალზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია „აქტიურად დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რაც წარიმართება ევროკავშირში, ბრიტანეთის რეფერენდუმის იმ შედეგებს, რომელიც ბუნებრივად, გავლენას მოახდენს ევროპის პოლიტიკაზე მის უახლოეს პარტნიორებთან და ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, საქართველოს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერსპექტივები გაეხსნას“.