თბილისი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ‘საოკუპაციო ძალებმა’ ადგილობრივი მკვიდრი სცემეს
გორის რაიონის ადგილობრივი მკვიდრი რუსმა სამხედროებმა 26 ივლისს მაშინ სცემეს, როდესაც სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მის დაკავებას ცდილობდნენ, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
უწყების თქმით, ინციდენტი გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, როდესაც „საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მცხოვრების უკანონო დაკავების მცდელობას, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ ფაქტს, რომელიც წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას საოკუპაციო ძალების მხრიდან და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
ადგილობრივი მაცხოვრებლების დაკავებები ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, როგორც ცხინვალი და რუსი სამხედროები აცხადებენ, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო“ არც ისე იშვიათია. ჩვეულებრივ, დაკავებულებს დაჯარიმების შემდეგ რამდენიმე დღეში უშვებენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსმა მესაზღვრეებმა სულ 163 პირი დააკავეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)