უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი ‘დაუყოვნებლივ’ უნდა მიანიჭოს
საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭების შეფერხებისთვის საფუძველი არ არსებობს და ევროკავშირმა ეს პროცესი „დაუყონებლივ“ უნდა დაასრულოს, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ 27 ივლისს.
იგი ამჟამად თბილისში იმყოფება, სადაც სტუმრის სტატუსით იქნა მოწვეული ქართველი დიპლომატების ყოველწლიურ შეხვედრაზე.
სიიარტომ უთხრა ჟურნალისტებს თავის ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან თბილისის ამბასადორიალის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციას.
„საქართველოს დაუყონებლივ უნდა მიენიჭოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და როდესაც ვამბობ ‘დაუყოვნებლივ‘ მე ვგულისხმობ დაუყოვნებლივ, რადგანაც საქართველოს მთავრობამ ყველა საჭირო მოთხოვნა დააკმაყოფილა და არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ უვიზო რეჟიმის [მინიჭება] შეჩერდეს“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც 27 ივლისს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდა.
ივნისის დასაწყისში გერმანიის მხრიდან ბოლო მომენტში გამოთქმულმა წინააღმდეგობამ ხაზი გადაუსვა საქართველოს იმედებს ვიზალიბერალიზაციის ამ ზაფხულს მიღების თაობაზე და პროცესი სულ მცირე შემოდგომამდე გადადო. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა, რომლის ქვეყანაც მიმდინარე თვეს ევროკავშირის თავმჯდომარე გახდა, განაცხადა 12 ივლისს, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში, სლოვაკეთს აქვს „ამბიცია“, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დასრულდეს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა თბილისში, რომ მისი ქვეყნის სურვილია საქართველო „რაც შეიძლება მალე მიიწვიონ ნატოში“.
„ჩვენ გვინდოდა, რომ საქართველოსთვის უკვე [ნატო-ს] ვარშავის [სამიტზე] მიგვენიჭებინა წევრობის სამოქმედო გეგმა [MAP]; სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ წარმატებას, მაგრამ როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ინტეგრაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)