თავდაცვის მინისტრი, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თანამდებობებს ოფიციალურად 1 აგვისტოდან დატოვებენ

ორი მინისტრი რესპუბლიკური პარტიიდან  – თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ოფიციალურად 1 აგვისტოდან დატოვებენ. 

პრემიერ–მინისტრს ჯერ არ დაუსახელებია ახალი მინისტრები ამ ორ პოსტზე, რომლებიც ვაკანტური მომავალი კვირიდან გახდება.

ხიდაშელის და ზაქარეიშვილის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ პირველად 12 ივლისს გახდა ცნობილი.

რესპუბლიკური პარტიიდან მთავრობის წევრების გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას, პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 12 ივლისს, რომ იმ ფონზე, როცა კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალმა პარტიებმა გადაწყვიტეს დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რესპუბლიკურმა პარტიამ მაინც გამოთქვა მზადყოფნა დარჩენილიყო პარტია ქართულ ოცნებასთან კოალიციურ მთავრობაში არჩევნების ბოლომდე.

მაგრამ უსუფაშვილის თქმით, ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ სხვაგვარად გადაწყვიტა და უთხრა მთავრობის წევრებს რესპუბლიკური პარტიიდან, რომ ან დაეტოვებინათ რესპუბლიკური პარტია და დარჩენილიყვნენ მთავრობაში, ანდა სამთავრობო პოსტები დაეტოვებინათ.

ხიდაშელისა და ზაქარეიშვილისგან განსხვავებით, მესამე მინისტრმა რესპუბლიკური პარტიიდან, გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მთავრობაში დარჩენის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და რესპუბლიკური პარტიის დატოვების შემდეგ პარტია ქართულ ოცნებას შეუერთდა.

ზაქარეიშვილს შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეკავა.

ხიდაშელი, რომელიც მთავრობის წევრი 2015 წლის მაისში გახდა, მესამე თავდაცვის მინისტრი იყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა.