პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძიების შესახებ
მთავარმა პროკურატურამ განაცხადა ორშაბათს, რომ 9–წევრიანი საკონსტიტუციო სასამართლოს რვა მოსამართლე გამოიკითხა იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც სასამართლოზე შესაძლო ზეწოლას უკავშირდება, თუმცა ყველა მათგანმა უარყო მათზე რაიმე ზეწოლის განხორციელების ფაქტი.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი სასამართლოს ერთადერთი წევრია, რომელიც გამომძიებლებს ჯერ არ გამოუკითხიათ. პროკურატურამ განაცხადა, რომ გამომძიებლები მას სავარაუდოდ მიმდინარე კვირას გამოკითხავენ.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პაპუაშვილმა განაცხადა 21 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ სასამართლოს „ზოგიერთი მოსამართლის“ მიმართ „ზეწოლა“ და „შანტაჟი“ ხორციელდება, რათა მათ ან ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღონ გადაწყვეტილება, ან გააჭიანურონ იმ ზოგიერთ გახმაურებულ საქმეზე განაჩენის გამოტანა, რომელთაც ამჟამად სასამართლო განიხილავს.
ბრალდების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მართალია მოსამართლეების უმეტესობამ საჯაროდ განაცხადა, რომ მათზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა, მათ შორის კონსტანტინე ვარძელაშვილმა, მაია კოპალეიშვილმა და ქეთევან ერემაძემ განაცხადეს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია ერთ–ერთ მოსამართლეზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის შესახებ და მზად იყვნენ გამომძიებლებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ.
„სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება მოსამართლეების მიერ ჩვენებებში დაფიქსირებულ გამოძიებისთვის საინტერესო გარემოებების გადამოწმების მიზნით“, – განაცხადა პროკურატურამ დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)