პრემიერ–მინისტრმა ახალი თავდაცვის მინისტრი, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დანიშნა
პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლევან იზორია, რომელიც დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, ახალ თავდაცვის მინისტრად დანიშნა. მან ამ პოსტზე თინა ხიდაშელი შეცვალა, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება გასულ კვირას დაწერა.
ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, დაწინაურდა და სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაიკავა პაატა ზაქარეიშვილის ნაცვლად.
რესპუბლიკური პარტიის წევრების, ხიდაშელის და ზაქარეიშვილის გადადგომა ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს და რესპუბლიკურ პარტიას შორის კოალიციური მთავრობის დასრულების მაუწყებელია.
რესპუბლიკური პარტიიდან მთავრობის წევრების გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას, პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 12 ივლისს, რომ იმ ფონზე, როცა კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალმა პარტიებმა გადაწყვიტეს დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რესპუბლიკურმა პარტიამ მაინც გამოთქვა მზადყოფნა დარჩენილიყო პარტია ქართულ ოცნებასთან კოალიციურ მთავრობაში არჩევნების ბოლომდე.
მაგრამ, უსუფაშვილის თქმით, ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ სხვაგვარად გადაწყვიტა და უთხრა მთავრობის წევრებს რესპუბლიკური პარტიიდან, რომ ან დაეტოვებინათ რესპუბლიკური პარტია და დარჩენილიყვნენ მთავრობაში, ანდა სამთავრობო პოსტები დაეტოვებინათ.
ხიდაშელისა და ზაქარეიშვილისგან განსხვავებით, მესამე მინისტრმა რესპუბლიკური პარტიიდან, გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მთავრობაში დარჩენის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და რესპუბლიკური პარტიის დატოვების შემდეგ პარტია ქართულ ოცნებას შეუერთდა.
ლევან იზორია, რომელიც მეოთხე თავდაცვის მინისტრი იქნება მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა 2012 წლის არჩევნების შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო 2015 წლის აგვისტოდან, როდესაც უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო.
მანამდე ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. იზორია თავისუფალი დემოკრატების წევრი იყო, თუმცა როდესაც პარტიამ კოალიცია ქართული ოცნება დატოვა 2014 წლის ნოემბერში და მისი რამდენიმე ლიდერი სამთავრობო პოსტებიდან გადადგა – მათ შორის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი – იზორიამ თავისუფალი დემოკრატები დატოვა და მთავრობაში დარჩა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოცვანი რეფორმების განხორციელებას“, – განაცხადა იზორიამ პრემიერ–მინისტრის მიერ ახალ თავდაცვის მინისტრად წარდგენის შემდეგ.
„მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისი თქმაც მსურდა, მოგეხსენებათ, რომ ახლო წარსულში ხელი მოეწერა მემორანდუმს ამერიკის შეერთებულ შტატებთან… რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ბუნებრივია, ნაკისრ ვალდებულებებს ღირსეულად შევასრულებთ“, – განაცხადა იზორიამ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა მემორანდუმი, რომელსაც ივლისის დასაწყისში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის თბილისში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი.
ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკრიტიკა პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილება უშიშროების კადრის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე და მას „შეცდომა“ უწოდა.
„მე ვფიქრობ ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, ქვეყნის შიგნით, როდესაც ჯერ ალასანია სამოქალაქო პოლიტიკოსი, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ [მინდია ჯანელიძემ] და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. არ ვიცი ეს რა მიზანს ემსახურება, მე შემიძლია გითხრათ ცალსახად, რომ ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
როდესაც ალასანია გადადგა მას შემდეგ, რაც თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია ქართული ოცნება დატოვეს 2014 წელს, ის სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ შეცვალა; ეს უკანასკნელი ხიდაშელმა 2015 წლის მაისში ჩაანაცვლა.
ახალი სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ბოლო ოთხი წლის მანძილზე მისი წინამორბედის, პაატა ზაქარეიშვილის მოადგილე იყო.
ციხელაშვილმა, რომელიც ქართული დელეგაციის წევრია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, განაცხადა: „ჩვენ გავაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას… ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის წყალობით ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა მშვიდობა ძალიან რთულ გარემოში“.
„ჩვენ გავაგრძელებთ, ერთის მხრივ, დეოკუპაციის პოლიტიკას, ხოლო მეორეს მხრივ, დიალოგის პოლიტიკას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან მიმართებაში, რომელიც ნდობის მშენებლობასა და შერიგებაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა მან.
პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ორ ყოფილ მინისტრს – ხიდაშელს და ზაქარეიშვილს სამსახურისთვის და „თანამშრომლობისთვის“ და განაცხადა, რომ „საკმაოდ ბევრი საქმე იქნა გაკეთებული“.
„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა წარმატებული რეფორმა აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა, „ჩვენი ქვეყნის თავდაცვა და საქართველოს შეიარაღებული ძალები ყოველთვის იქნება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი“.
„დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [ახალი მინისტრები] იქნებიან გამორჩეული მინისტრები. ამბიციური რეფორმა გველის წინ ერთად გასაკეთებელი“,– დასძინა პრემიერ–მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)