ახალი თავდაცვის მინისტრი ‘საღი გონების პოლიტიკის’ განხორციელებას გეგმავს

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2 აგვისტოს ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებს წარუდგინა.

42 წლის ლევან იზორიამ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, სანამ მეოთხე თავდაცვის მინისტრი გახდებოდა მას შემდეგ, რაც 2012 წლის ბოლოს ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა,  განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი „საღი გონების პოლიტიკის“ განხორციელება იქნება.

„პირველ რიგში, ეს გულისხმობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მეორე – საფრთხეებისა და რისკების შეკავებას, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების მდგრადი განვითარებით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით“, – განაცხადა იზორიამ თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

„პირველ კომპონენტზე როცა ვსაუბრობდი, მხედველობაში მქონდა, როგორც ქვეყნის შიგნით მშვიდობის უზრუნველყოფა, ისე, ბუნებრივია, ნატო-ს ფარგლებში, მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში, ჩვენი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში აქტიური მონაწილეობა, რასაც, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთგულად განვახორციელებთ“,- განაცხადა ლევან იზორიამ.

„რაც შეეხება მეორე კომპონენტს, როდესაც საფრთხეების და რისკების შეკავებაზე ვსაუბრობ, როგორც პრიორიტეტზე და ამას ვხედავ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი პოლიტიკა არ იქნება არავის მიმართ საფრთხის შემცველი, მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის შესაძლებლობებზე მიმართული და ისიც, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად დახვეწით, რასაც, სწორედ ჩვენი პარტნიორების – ნატოს წევრი ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, წლების განმავლობაში მივაღწიეთ. ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ“, – განაცხადა იზორიამ.

მისი თქმით, საქართველო შეძლებს „მაღალ ხარისხში აიყვანოს“ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება იმ მემორანდუმის ფარგლებში, რომელსაც აშშ–სთან 6 ივლისს, სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის თბილისში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი.

ახალი თავდაცვის მინისტრის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებისთვის წარდგენისას, პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა იმის მნიშვნელობას, რომ თავდაცვის სამინისტრო  „მაქსიმალურად შორს უნდა იყოს“ პოლიტიკური დაპირისპირებებისგან.

„რა თქმა უნდა, ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა, მიმდინარეობს და მომავალშიც განხორციელდება, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმი ჩვენი მომავალი სამხედრო რეფორმირების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა. 

„მე პირადად, მაქსიმალურს გავაკეთებ იმისათვის, რომ უწყება არ იყოს პოლიტიზირებული. თავდაცვის სამინისტრო უნდა იყოს მაქსიმალურად შორს პოლიტიკური დაპირისპირებებისგან. საერთოდ, მგონია, რომ ქვეყანაში ეს დაპირისპირებები უნდა დასრულდეს. რატომღაც, ზოგიერთებმა ჩემი ასეთი მოწოდებები, რომ ერთმანეთს აღარ დავუპირისპირდეთ, ბოლშევიკურად ჩათვალეს, მაგრამ მგონია, ყველა თქვენთაგანი დარწმუნებულია, რომ ეს ასე არ არის. მე მინდა, ჩვენი ქვეყანა დამშვიდდეს, დაწყნარდეს, დამთავრდეს ქვეყნის პოლარიზაცია და მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი“, – განაცხადა მან.

„თავდაცვის უწყება არის ის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა“, – განაგრძო პრემიერ–მინისტრმა, „დარწმუნებული ვარ, ბატონი ლევანი ძალიან წარმატებით გაუძღვება ამ საქმეს, ერთი წამით ეჭვი არ მეპარება ამაში. რა თქმა უნდა, მას დაჭირდება ყველა ჩვენგანის დახმარება, გვერდში დგომა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენი თავდაცვის სისტემის ძალიან მნიშვნელოვან რეფორმირებას მოვახდენთ. იმაში, რომ თავდაცვის სისტემას გაძლიერება და რეფორმირება სჭირდება, ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება“.

იზორიამ, რომელიც თავდაცვის მინისტრად 1 აგვისტოს დაინიშნა, ამ პოსტზე რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი შეცვალა, რომელსაც ეს თანამდებობა 2015 წლის მაისიდან ეკავა.

თინა ხიდაშელის და რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი წევრის, პაატა ზაქარეიშვილის  გადადგომა, რომელიც შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ქეთევან ციხელაშვილმა შეცვალა, ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს და რესპუბლიკურ პარტიას შორის კოალიციური მთავრობის დასასრულის მაუწყებელია.

ხიდაშელმა გააკრიტიკა პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილება უშიშროების კადრის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე და მას „შეცდომა“ უწოდა.
 
„მე ვფიქრობ ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, ქვეყნის შიგნით, როდესაც ჯერ ალასანია სამოქალაქო პოლიტიკოსი, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ [მინდია ჯანელიძემ] და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. არ ვიცი ეს რა მიზანს ემსახურება, მე შემიძლია გითხრათ ცალსახად, რომ ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი“, – განუცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს ახალი მინისტრის დანიშვნიდან ცოტა ხანში.

როდესაც ირაკლი ალასანია გადადგა მას შემდეგ, რაც თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია ქართული ოცნება დატოვეს 2014 წელს, ის სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ შეცვალა; ეს უკანასკნელი ხიდაშელმა 2015 წლის მაისში ჩაანაცვლა.

ხიდაშელის მსგავსად იზორიას დანიშვნა თავდაცვის მინისტრად ასევე გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარემ და ხიდაშელის მეუღლემ, დავით უსუფაშვილმა.

ამ კრიტიკის საპასუხოდ პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს 2 აგვისტოს, რომ ხიდაშელის და უსუფაშვილის მიერ გაკეთებული კომენტარები „ძალიან არაადეკვატური“ იყო. „მე დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ამ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ“, – აღნიშნა მან.

ლევან იზორია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო 2015 წლის აგვისტოდან, როდესაც უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო.

მანამდე ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. იზორია თავისუფალი დემოკრატების  წევრი იყო, თუმცა როდესაც პარტიამ კოალიცია ქართული ოცნება დატოვა 2014 წლის ნოემბერში და მისი რამდენიმე ლიდერი სამთავრობო პოსტებიდან გადადგა – მათ შორის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი –  იზორიამ თავისუფალი დემოკრატები დატოვა და მთავრობაში დარჩა. 

2004–2006 წლებში ის პოლიციის აკადემიის რექტორი იყო. სანამ 2012 წლის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდებოდა, იზორიას, რომელმაც გოტინგენის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი 2002 წელს მიიღო, ძირითადად აკადემიური კარიერა ჰქონდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)