‘ქორწინების განსაზღვრაზე’ რეფერენდუმის საკითხი პრეზიდენტთან ინაცვლებს
საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქორწინების, როგორც ქალის და კაცის ერთობის განსაზღვრის მიზნით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს – საკითხი რომელიც უკვე ისედაც განსაზღვრულია კანონმდებლობით – კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა თავის მიზანს მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ ჯგუფის მიერ წარდგენილი 200 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა.
ახლა უკვე პრეზიდენტზე და ნაწილობრივ პრემიერ–მინისტრზეა დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ამგვარი რეფერენდუმი.
საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის, რომელიც რეფერენდუმის გამართვას ითხოვს, არის სანდრო ბრეგაძე, რომელიც 2016 წლის თებერვლამდე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო; უფლებადამცავი ჯგუფები მისი თანამდებობიდან დათხოვნას ჰომოფობიური განცხადებების გამო ითხოვდნენ. ბრეგაძე ამჟამად დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ შექმნილ ახალ პოლიტიკურ პარტიაშია. ჰომოფობიური განცხადებები მეჭიაურსაც არაერთხელ გაუკეთებია. მან მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მაისის ბოლოს დატოვა მას შემდეგ, რაც ნატოში ინტეგრაციის კუთხით ხელისუფლების მიერ დეკლარირებული პოლიტიკა გააკრიტიკა.
30 ივლისს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 224 000 ხელმოწერიდან 200 348–ის ნამდვილობა, რის შემდეგაც მოთხოვნა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაეგზავნება. საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერები 27 ივლისს წარუდგინა. რეფენრედუმის მოთხოვნის პეტიციას სულ ცოტა 200 000 მოქალაქის ხელმოწერა ჭირდება.
პრეზიდენტმა 30 დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს.
27 მაისს კანონპროექტის განხილვის დროს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რამოდენიმე დეპუტატებმა არ გამორიცხა რეფერენდუმის ჩატარება ამ საკითხზე იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ვერ მიიღებდა ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა მაისში, რომ საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელიც ქორწინებას ქალისა და მამაკაცის ერთობად განსაზღვრავს, „არ არის თემა“ საქართველოში და მას „ქარიშხალია ჭიქაში“ უწოდა. მისი თქმით ეს საკითხი ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად.
რეფერენდუმის შემოთავაზებული კითხვა – „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ – არ აკონკრეტებს როგორ უნდა განისაზღვრება შემდგომში ეს საკითხი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ისედაც განსაზღვრავს ქორწინებას, როგორც „ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)