საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის დონემ ივლისში 1.5% შეადგინა

"საქსტატის“ მონაცემების თანახმად, წლიური ინფლაციის დონემ ივლისში 1.5% შეადგინა, ხოლო წინა თვეში ეს მაჩვენებელი 1.1% იყო.

წინა თვესთან შედარებით ივლისში ფასები 0.2%–ით გაიზარდა.

ფასები ალკოჰოლურ სასმელზე და სიგარეტზე ივლისში 13.1%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც ძირითადად თამბაქოზე და ალკოჰოლურ პროდუქციაზე აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვია.

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია და აირის კატეგორიაში ფასები ივლისში 6.1%–ით გაიზარდა წინა წლის ივლისთან შედარებით.

წლიურმა ინფლაციამ ჯანდაცვის კატეგორიაში ივლისში 4.1% შეადგინა, რაც ძირითადად განაპირობა ფასების მომატებამ ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (8.7%) და საავადმყოფოების მომსახურების (2%) ქვეჯგუფზე.

ფასები სასტუმროების და რესტორნების მომსახურების ქვეჯგუფზე ივლისში 5.4%–ით, ხოლო ფასები კავშირგაბმულობის ქვეჯგუფზე 3.9%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ივლისში ფასების 8.6%–იანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც ძირითადად სატრანსპორტო საშუალებებზე ფასების 12%–იანმა კლებამ განაპირობა.