თავდაცვის მინისტრის ორი ახალი მოადგილე დაინიშნა

ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას მოადგილეები გახდნენ.

ლელა ჩიქოვანი, რომელიც თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ 2 აგვისტოს დაინიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა; მას ანალოგიური პოზიცია ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სანამ 2015 წლის აგვისტოში უშიშროების და დაზვერვის სამსახურები სამინისტროს გამოეყოფოდა. 

ჩიქოვანი, რომელსაც ვიცე–პოლკოვნიკის სამხედრო წოდება აქვს, 2007–2008 წლებში საქართველოს სამხედრო ატაშე იყო ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთსა და პოლონეთში. 

ლელა ჩიქოვანი, რომელსაც აშშ–ის უმაღლესი საზღვაო სკოლა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემია აქვს დამთავრებული, 2008–2010 წლებში თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი იყო. იგი საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საზღვაო თანამშრომლობის ოფისის უფროსის მოადგილედაც მსახურობდა. 

თავდაცვის მინისტრის მეორე ახლადდანიშნული მოადგილე, ნუკრი გელაშვილი 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე შსს–ს პოლიციის აკადემიის რექტორი იყო.