აგვისტოს ომის მერვე წლისთავზე საქართველოს ლიდერები შერიგებაზე, მშვიდობიან გამთლიანებაზე საუბრობენ

2008 წლის აგვისტოს ომის მე-8 წლისთავზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებას ალტერნატივა არ გააჩნია“, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი აღნიშნა, რომ „რუსეთი ვერასდროს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც ჩაიდინა მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ“ რვა წლის წინ.

პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრების თანხლებით, შემდეგ კი პრეზიდენტი ორშაბათს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რათა პატივი მიეგოთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისთვის.

პრემიერმა კვირიკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს ძმათა სასაფლაოზე, რომ „მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“.

„დღეს 8 წელი გავიდა ყველაზე ტრაგიკული მოვლენის შემდეგ საქართველოს უახლეს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო სულ რამდენიმე დღიანი ომი, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. მე ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას. ამ ომის შემდეგ, რუსეთის ოკუპაციის შედეგად, საქართველოში ჩვენივე მოქალაქეები გახდნენ დევნილები. ამ ომის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო დავშორდით აფხაზებს და ოსებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

„რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემორიგების პროცესს, რომელსაც, სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. ჩვენ ქვეყანა უნდა გავხადოთ ყველასთვის მიმზიდველი და საინტერესო. საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში აღასადროს აღარ განმეორდეს სისხლისღვრა“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს: „ერთია რეალობა, რომ რუსეთი ვერასდროს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც ჩაიდინა მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ. ეს შავი ლაქა, ჯერ ოკუპაცია და შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე, თითქოსდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება, ეს იქნება ის პრობლემა, რომელიც რუსეთს მუდმივად წინ დაუდგება“.

„ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ, და არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„მაგრამ რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, როგორ გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი მცირე ერის წინააღმდეგ; როგორ შეიძლება ბირთვულმა სახელმწიფომ აიღოს და თავის მეზობელ ერს ასეთი ტკივილი და ტრაგედია მიაყენოს და ამის მერე, კიდევ შექმნას და, ვითომ აღიაროს, რაღაც კვაზი სახელმწიფოები. ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ საქართველოს მთლიანობას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დეპუტატების თანხლებით გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აგვისტოს ომის დროს დატრიალებული „ტრაგედია“, 8 წლის შემდეგ „ალბათ რვაჯერ უფრო მძიმედ და მწვავედ აღიქმება“, რადგან „არ არის პასუხი გაცემული იმ უბედურებაზე, რაც მოხდა“.

მისი თქმით, „უფრო მკვეთრი და მკაფიო ნაბიჯების გადადგმაა“ აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველო იყოს დაცული და  „ჩვენ აღარ გვქონდეს იმის განცდა, რომ შესაძლოა აღმოვჩნდეთ კვლავ მარტო აგრესორთან დაპირისპირებაში“.

„ამიტომ არის აუცილებელი ნატოში ინტეგრაცია“, – განაცხადა უსუფაშვილმა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, „ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს სამხედრო ძალით და ნატოს მეშვეობით ვერ და არ დავიბრუნებთ, მაგრამ დანარჩენ საქართველოს ნატოს და ჩვენი მოკავშირეების გარეშე ვერ დავიცავთ“.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და წარმომადგენლებმა, მათ შორის ყოფილი სახელისუფლებო პარტია ნაციონალური მოძრაობიდან, ახალი პოლიტიკური ცენტრიდან „გირჩი“, ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატებიდან“, პაატა ბურჭულაძის პარტიიდან „სახელმწიფო ხალხისთვის“, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობიდან“.