ქართულმა ოცნებამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა
ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამ ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 7 აგვისტოს წარადგინა.
ბორჯომის ამჟამინდელი მაჟორიტარი მმართველი პარტიიდან გედევან ფოფხაძე მანდატის ხელახლა მოსაპოვებლად კენჭს ამავე ოლქში იყრის, რომელიც ოლქების საზღვრების შეცვლის შედეგად ბორჯომთან ერთად ასევე მოიცავს ასპინძის მუნიციპალიტეტსაც.
ამ ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებულ ოლქში ნაციონალური მოძრაობიდან ამჟამინდელ პარლამენტში ასპინძის მაჟორიტარი ტარიელ ლონდარიძე იყრის კენჭს.
პატრიოტთა ალიანსის ლიდერობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის სახელით ბორჯომ-ასპინძის ერთმანდატიან ოლქში მომღერალი ზურა ხაჩიძე იბრძოლებს მაჟორიტარის მანდატისთვის.
ახალციხის მერი, გიორგი კოპაძე პარტია ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი იქნება ერთმანდატიან ოლქში, რომელიც ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.
ამავე მაჟორიტარულ ოლქში მას ახალციხის ამჟამინდელი მაჟორიტარი ნაციონალური მოძრაობიდან ვაჟა ჩიტაშვილი, ხოლო პატრიოტთა ალიანსის თაოსნობით შექმნილი ბლოკიდან გოდერძი კუბლაშვილი დაუპირისპირდებიან. 2013 წელს კუბლაშვილიც და კოპაძეც სოფელ ჭელაში მინარეთის საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიურობდნენ; კოპაძე 2014 წესლს ახალციხის მერად აირჩიეს.
ქართულმა ოცნებამ ახალქალაქისა და ნინოწმინდას გაერთიანებულ ერთმანდატიან ოლქში სტაჟიანი დეპუტატი ენზელ მკოიანი წარადგინა. მკოიანი, რომელიც 1999 წლიდან არის პარლამენტის წევრი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთი ვადით აირჩიეს ნაციონალური მოძრაობის წარდგენით ნინოწმინდას მაჟორიტარ დეპუტატად. თუმცა მან ყოფილი სახელისუფლებო პარტია არჩევნებიდან მალევე დატოვა მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა კოალიცია ქართულმა ოცნებამ დაამარცხა.
მისი მოწინააღმდეგე ნაციონალური მოძრაობიდან არსენ კარაპეტიანი, ნინოწმინდას რაიონული პოლიციის ყოფილი უფროსი იქნება.
სამცხე-ჯავახეთთან ერთად, მმართველ პარტიას თავისი მაჟორიტარი კანდიდატები უკვე წარდგენილი ჰყავს იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ერთმანდატიან ოლქებში.
ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ წარსადგენი ჰყავს კანდიდატები თბილისის 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში, ასევე აჭარის რეგიონსა და იმ ერთმანდატიან ოლქში, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ მესტიის მუნიციპალიტეტს და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხ რაიონს – ამბროლაურს, ონს, ცაგერს და ლენტეხს – აერთიანებს.
პარტიული დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 8 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იწურება.
საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა 50%-იანი ბარიერით. თუ ოლქის ელექტორატის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაჟორიტარ დეპუტატს მეორე ტური გამოავლენს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს შორის.