საქართველომ რიოს ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა რიოს ოლიმპიადაზე, სადაც მან 8 აგვისტოს ბრინჯაო მოიგო 73 კგ წონით კატეგორიაში.
შავდათუაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ძიუდოისტი ისრაელიდან საგი მუკი იპონით დაამარცხა.
ეს 24 წლის ლაშა შავდათუაშვილის სპორტულ კარიერაში მეორე ოლიმპიური მედალია; მან 4 წლის წინ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიგო.
მეოთხედფინალში შავდათუაშვილმა იაპონელ შოჰეი ონოსთან წააგო, რომელმაც ფინალში შემდეგ ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლისკენ გზა რუსი მეტოქის დენის იარცევის დამარცხებით გაიკვლია. ამ ორთაბრძოლაში გამარჯვებულმა შავდათუაშვილმა, რომლის ასპარეზობის დღეც 2008 წლის აგვისტოს ომის მერვე წლისთავს დაემთხვა, რუს მოწინააღმდეგეს მის სპორტულ ფორმაზე გამოსახულ საქართველოს დროშაზე ამაყად მიანიშნა.
საქართველომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თავდაპირველად რიოში 39 სპორტსმენი გაგზავნა, რაც ყველაზე მასშტაბური შემადგენლობაა ქვეყნისთვის.
მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსი ძალოსნები დოპინგთან დაკავშირებული დარღვევების გამო ოლიმპიადიდან მოხსნეს, გამოთავისუფლებული კვოტა რვა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზეც გადანაწილდა და ამან ქართული ოლიმპიური გუნდი 40-მდე გაზარდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)