პრეზიდენტმა ‘ქორწინების განსაზღვრაზე’ სარეფერენდუმო წინადადება დაბლოკა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არ დანიშნა რეფერენდუმი ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განსასაზღვრად, რადგან მისი განცხადებით,  ეს საკითხი ამგვარად უკვე დარეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობით.

„წარმოდგენილი ფორმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია“, – განაცხადა პრეზიდენტმა სამშაბათს საღამოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი დებულების ციტირებით.

„ამავე დროს კანონმდებლობა კრძალავს კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას“, – განაგრძო მან, „შესაბამისად, თუ არსებობს ასეთი სურვილი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნას კონსტიტუციური ცვლილება, ასეთ შემთხვევაში მე სრულიად ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ შესაბამისი კანონპროექტი უნდა განიხილოს საქართველოს პარლამენტმა“. 

ივლისის ბოლოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ქორწინების განსაზღვრაზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 200 000–ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა წარადგინა, რაც აუცილებელი პროცედურაა რეფერენდუმის დასანიშნად.

საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის არის ასევე სანდრო ბრეგაძეც, რომელიც 2016 წლის თებერვლამდე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო; უფლებადამცავი ჯგუფები თანამდებობიდან მის გაშვებას ჰომოფობიური განცხადებების გამო ითხოვდნენ.

30 ივლისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯგუფის მიერ წარდგენილი 200 000-ზე მეტი ხელმოწერის  ნამდვილობა დაადასტურა და 1 აგვისტოს სარეფერენდუმო მასალები პრეზიდენტ მარგველაშვილს გადაუგზავნა.

პრეზიდენტს კი 30 დღის ვადა ჰქონდა იმის გადასაწყვეტად, დაენიშნა თუ არა რეფერენდუმი.

რეფერენდუმის დაბლოკვაზე 9 აგვისტოს თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებისას, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ასევე მიუთითა კანონის იმ მოთხოვნაზე, რომ რეფერენდუმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტარდება.

„მაშინ როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაშინ როდესაც 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს ორი ოკუპირებული ტერიტორია აღიარებული აქვს ‘დამოუკიდებელ სახელმწიფოებად’  – ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს აძლევს ოკუპანტს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მანამდე ის შეხვედრასაც გეგმავდა სარეფერენდუმო წინადადების ავტორებთან, თუმცა სამშაბათს მასთან დაგეგმილი ეს აუდიენცია მას შემდეგ ჩაიშალა, რაც საინიციატივო ჯგუფი შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე საჯაროდ დაემუქრა პრეზიდენტს საპროტესტო გამოსვლებით, თუ ის რეფერენდუმს არ დანიშნავდა.

რეფერენდუმის შემოთავაზებული კითხვა – „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ – არ აკონკრეტებს როგორ უნდა განისაზღვროს შემდგომში ეს საკითხი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ისედაც ადგენს ქორწინებას, როგორც „ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს“, რითაც იკრძალება ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება.  

თავდაპირველად, იგივე საინიციატივო ჯგუფმა კითხვა სხვა ფორმულირებით წარადგინა: „თანახმა ხართ თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის“ .

თუმცა, ეს წინადადება ცესკომ 2016 წლის მაისში არ დააკმაყოფილა, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს რეფერენდუმის ჩატარებას საკითხზე, რომელიც პარლამენტს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ავალდებულებს.

მაისში, როდესაც პარლამენტი „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივას განიხილავდა ქორწინების განსაზღვრების კონსტიტუციაში შეტანის თაობაზე, პრეზიდენტმა ეს წამოწყება გააკრიტიკა, აღნიშნა რა, რომ ეს „არ არის თემა“ საქართველოში და მას „ქარიშხალი ჭიქაში“ უწოდა. მისივე შეფასებით, ეს საკითხი ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა იყო.

პრემიერ–მინისტრი კვირიკაშვილი კონკრეტულად რეფერენდუმის საკითხს არ შეხებია, თუმცა მან უთხრა ჟურნალისტებს 4 აგვისტოს, რომ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვის თაობაზე კანონპროექტს ქართული ოცნება 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულ მომდევნო პარლამენტში მიიღებს.

„ჩვენ პარლამენტში დავიწყეთ ეს პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი უმრავლესობით მოვალთ [ახალ პარლამენტში], რომ  აუცილებლად ამ ცვლილებას დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა, რომლის თაოსნობითაც ეს საკითხი მარტში კვლავ წამოიწია, თუმცა საპარლამენტო განხილვების მიუხედავად,  საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი კენჭისყრაზე არ დამდგარა საჭირო კვორუმის არარსებობის გამო – საკონსტიტუციო ცვლილებას 150–წევრიან პარლამენტში 113 დეპუტატმა მაინც უნდა დაუჭიროს მხარი. 

იმავდროულად, ზოგიერთმა სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ და უფლებადამცველმა ჯგუფმა საპირისპირო კამპანია გაააქტიურა, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტს მოუწოდებდნენ არ დაენიშნა რეფერენდუმი; მათი აზრით, ამგვარი რეფერენდუმი ხელს შეუწყობდა ლგბტ თემის შემდგომ მარგინალიზებას და ჰომოფობიური განწყობების ზრდას.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)