ირაკლი ალასანია გორის მაჟორიტარად იყრის კენჭს

ოპოზიციური "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს გორში.

ალასანიამ, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო, ვიდრე მისი პარტია ქართულ ოცნებას 2014 წლის შემოდგომაზე დატოვებდა, ეს გადაწყვეტილება 10 აგვისტოს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გორში "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარმა კანდიდატმა, დეპუტატმა თამაზ შიოშვილმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა გადაიფიქრა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისმა დიდი ხნის მეგობარმა, თამაზ შიოშვილმა, რომელიც გორში მაჟორიტარ კანდიდატად დაახლოებით ერთი თვის წინ წარადგინა,  უთხრა მას, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა – არც ალასანიას და არც შიოშვილს ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრიათ.

„მას შემდეგ, რაც ქალაქ გორში გამოგვაკლდა თანამებრძოლი, მე მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება: მე პირადად ვიყრი კენჭს გორში; გავიმარჯვებთ გორში ჩვენ გუნდთან ერთად და ეს არ იქნება მარტო გორის და შიდა ქართლის გამარჯვება, მთელ საქართველოში ამას ექნება ძალიან სერიოზული გავლენა შედეგზე, რომელსაც "თავისუფალი დემოკრატები" არჩევნებში მივაღწევთ“, – განაცხადა ალასანიამ, რომელიც მისი პარტიის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის აქამდე არ ფიგურირებდა; თუმცა ის იყო და რჩება თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო სიის პირველ ნომრად.

ალასანიას კონკურენტი გორში მმართველი პარტია ქართული ოცნებიდან იოსებ მაკრახიძე, გორის ასფალტის მწარმოებელი და გზების მშენებელი კომპანია „იბოლიას“ თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი იქნება. 

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ დეპუტატობის კანდიდატად გორის ერთმანდატიან ოლქში შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე ყოფილი სამართალდამცავი ალექსანდრე გოგლიძე წარადგინა.

2012 წლის არჩევნებში ალასანია კოალიცია ქართული ოცნების სახელით კენჭს ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა, თუმცა დამარცხდა ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელ დეპუტატთან როლანდ ახალაიასთან.

საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა 50%-იანი ბარიერით. თუ ოლქის ელექტორატის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაჟორიტარ დეპუტატს მეორე ტური გამოავლენს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს შორის.