პრეზიდენტმა ამომრჩეველთა გასააქტიურებლად საზაფხულო სკოლების დაფინანსება დაიწყო
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წამოიწყო კამპანია სახელწოდებით "შენი ხმა, ჩვენი მომავალია" , რომელიც მისი თქმით, მიზნად ისახავს მოსახლეობის, უმეტესად კი ახალგაზრდა ამომრჩევლის წახალისებას 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება, მოიცავს საზაფხულო სკოლების ორგანიზებას რეგიონებში, ძირითადად უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის, რომლებიც ერთკვირიანი კურსის გავლის შემდეგ თავიანთ რეგიონებში ამომრჩეველთა გასააქტიურებლად კამპანიას განახორციელებენ.
მარგველაშვილმა ადრეც რამდენჯერმე განაცხადა და კვლავაც გაიმეორა, რომ არცერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ არ აპირებს აგიტაციის წარმოებას, თუმცა გეგმავს ამომრჩეველთა აქტივობის მისაღწევად ზრუნვას. საქართველოში არ არის დაწესებული აქტივობის მინიმალური ზღვარი იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს.
„თქვენ ჩაატარებთ კამპანიას და განსაკუთრებული იქნება ის, რომ თქვენ არ წახვალთ და არ თხოვთ ხმას რომელიმე პარტიისთვის, არც თქვენი პოლიტიკური ლიდერისთვის, არც თქვენი კანდიდატისთვის, თქვენ ერთადერთი, რასაც გააკეთებთ, თხოვთ, რომ ადამიანები გამოვიდნენ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები შექმნან, როგორც მომავალი საქართველოსი“, – განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებს ბაზალეთის საზაფხულო სკოლაში 10 აგვისტოს.
„თქვენ უნდა შეძლოთ დაარწმუნოთ თითოეული მოქალაქე, რომ არჩევნებში ხმის მიცემა არის მათი წმინდათაწმინდა ვალდებულება. არის ბევრი ადამიანი, რომელიც დაბნეულია, რომელსაც ჯერ ვერ აურჩევია პოლიტიკური ლიდერი“, – განაცხადა მან.
„თქვენ შეგეკითხებიან, რომ ‘რატომ უნდა მივცე მე ხმა?’… და პასუხი არის ერთი, რომ თუ შენ არ მიდიხარ არჩევნებზე, თუ შენ არ ირჩევ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც შენ გმართავენ, შენ უარს ამბობ შენ თავისუფლებაზე“, – უთხრა მან ახალგაზრდებს, „თქვენ უნდა მიხვიდეთ ქალაქებში, სოფლებში, დაელაპარაკოთ ხალხს და დაარწმუნოთ ისინი, რომ მათ უნდა გააკეთონ არჩევანი, უნდა მოუწოდოთ, რომ კარგად მოუსმინონ პოლიტიკოსებს, მოუსმინონ მათ დაპირებებს – რამდენად რეალურია მათი დაპირებები, რამდენად შესრულებადია“.
„მე მჯერა, რომ თქვენ შეძლებთ საქართველო ამ არჩევნებზე გააერთიანოთ ერთი მიზნით, რომ ავირჩიოთ კვალიფიციური, ნორმალური ხელისუფლება, რომელიც ბოლომდე მოუსმენს ხალხს, რომელიც იქნება ბოლომდე ხალხის ინტერესების გამტარებელი“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.