რესპუბლიკელები, ბურჯანაძის კამპანიის საპასუხოდ, ნატოში მისწრაფებაზე საკონსტიტუციო ჩანაწერის გაკეთებისკენ მოუწოდებენ
პარლამენტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მოუწოდა საკანონმდებლო ცვლილების მომზადებისკენ კონსტიტუციაში საქართველოს ნატოში მისწრაფების თაობაზე ჩანაწერის გასაკეთებლად.
ეს შეთავაზება იმ კამპანიის ფონზე გაკეთდა, რომელსაც დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აწარმოებს იმისთვის, რომ კონსტიტუციით იქნას გარანტირებული საქართველოს ნეიტრალური, როგორც ის მოიხსენიებს „უბლოკო“ სტატუსი. ეს მისი კამპანიის მთავარი საკითხია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. ამავე თემაზეა ძირითადი აქცენტი გადატანილი მის საარჩევნო რეკლამაში, სადაც ბურჯანაძე ამომრჩევლებს ეუბნება, რომ „უბლოკო სტატუსი“ უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის ეკონომიკურ კეთილდღეობას.
მომდევნო კვირის დასაწყისში პარლამენტის ბიურო განიხილავს ბურჯანაძის მიმართვას, რათა მას საშუალება მიეცეს დაიწყოს სულ ცოტა 200 000 მოქალაქის ხელმოწერის შეგროვება, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების ერთ-ერთი გზაა.
„პარლამენტი არცერთი წუთით არ შეაყოვნებს იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რასაც ამ დროს ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა 12 აგვისტოს ბრიფინგზე, თუმცა დასძინა, რომ „ასეთი თემებით ასე სპეკულირება და საარჩევნო ქულების დასაწერად ქცევა ყველაფრის, მათ შორის, საქართველოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი ინტერესების, არის დაუშვებელი და მიუღებელი და მე, როგორც პარლამენტის წევრი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ ვიქნები ამ მოვლენების პასიური მაყურებლის როლში“.
„ამიტომ გადავწყვიტე მივმართო ჩემს კოლეგებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს და პარლამენტში შევიტანოთ ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციაში იმ ცვლილების ჩაწერის, რომელიც ჭირდება საქართველოს, მის უსაფრთხოებას, მის მომავალს და მის კეთილდღეობას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში დაემატოს ფრაზა: ‘დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში’“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, „ეს იქნება ადეკვატური პასუხი“ ყველა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც ცდილობს კონსტიტუციის დონეზე აუკრძალოს საქართველოს ნატოში შესვლა.
ანალოგიური წინადადება წამოაყენეს ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა 2013 წლის დასაწყისში, როცა ისინი ცდილობდნენ ეს თემა ჩაერთოთ სრულიად სხვა საკონსტიტუციო ცვლილებებზე არსებულ მოლაპარაკებებში კოალიცია ქართულ ოცნებასთან, რომლის წევრიც იყო მაშინ რესპუბლიკური პარტია. თუმცა ნაციონალების ამ მცდელობას გაგრძელება ამ დრომდე არ მოჰყოლია.
„ისინი აღმოჩნდა, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად არიან, ერთად არიან იმაში, რასაც ქვია საქართველოს მოსახლეობის მოტყუება ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ რესპუბლიკელებზე და მათ ინიციატივაზე კომენტირებისას.
„ჩვენი ინიციატივა იყო რამდენიმე ხნის წინ, რომ ასეთი ტიპის ცვლილება ყოფილიყო კონსტიტუციაში. ახლა წინასაარჩევნოდ ამ თემის პოლიტიზირება ზოგიერთი მცირე პარტიის მხრიდან არ მიგვაჩნია, რომ არის მთავარი“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგი კაპანაძემ.
ქართული ოცნების დეპუტატების შეფასებით, ასეთი ინიციატივები უფრო საარჩევნო კამპანიის ჭრილში უნდა იქნას აღქმული, ვიდრე პოლიტიკური საჭიროებიდან გამომდინარე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)