პარტია ქართულმა ოცნებამ აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
ქართულმა ოცნებამ-დემოკრატიულმა საქართველომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 13 აგვისტოს აჭარის რეგიონის ექვს ერთმანდატიან ოლქში წარადგინა.
ბათუმის სამიდან ერთ-ერთ, (#68) მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატი ფატი ხალვაში იყრის კენჭს. ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დაა, რომლის დავაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საკუთრებაზე ამჟამად უზენაეს სასამართლოშია.
ის ქართული ოცნების მიერ ამ დრომდე წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის ერთადერთი ქალია.
მმართველმა პარტიამ ქვეყნის მასშტაბით არსებული 73 ერთმანდატიანი ოლქიდან 51-ში დაასახელა საკუთარი კანდიდატები; ქართული ოცნება თბილისის 22 მაჟორიტარულ ოლქში თავის რჩეულებს 15 აგვისტოს წარადგენს.
მმართველმა პარტიამ ბათუმის 69-ე ერთმანდატიან ოლქში ბათუმის სამშობიარო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, ხოლო იმავე ქალაქში კიდევ ერთ, 70-ე ოლქში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსი მუხრან ვახტანგაძე დაასახელა მაჟორიტარ კანდიდატებად.
ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმის სამ ოლქში თავის მაჟორიტარ კანდიდატებად გიორგი კირთაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი; თემურ დუმბაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი; და ასევე, მირდატ ქათამაძე დააყენა.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ბათუმის 69-ე ოლქში იყრის მაჟორიტარად კენჭს.
ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ქობულეთის ერთმანდატიან ოლქში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, კობა ნაკაიძე იქნება. რესპუბლიკური პარტიიდან მას კონკურენციას ტრისტან ჯინჭარაძე გაუწევს.
ილია ნაკაიძე, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის ანესთეზიოლოგი, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ქართული ოცნებიდან ხელვაჩაურში იყრის კენჭს.
ანზორ ბოლქვაძე, რომელიც 2008 წლიდან ხულოს მაჟორიტარია, იმავე ოლქში ხელახლა ცდის ბედს მაჟორიტარული მანდატისთვის, რომელიც ოლქების საზღვრების კორექტირების შედეგად ხულოსთან ერთად ასევე მოიცავს შუახევისა და ქედას მაღალმთიან რაიონებსაც. ის პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის სტატუსით მოხვდა, მაგრამ 2012 წლის არჩევნებში წაგების შემდეგ დატოვა ოპოზიციაში გადასული პარტია.
9 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ ასევე დაასახელა თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმ ერთმანდატიან ოლქში, რომელიც აერთიანებს მესტიას, ამბროლაურს, ონს, ცაგერსა და ლენტეხს. გოჩა ენუქიძე, რომელიც 2008 წლიდან ამბროლაურის მაჟორიტარია, ახლა ქართული ოცნების წარდგენით იყრის კენჭს. ის 2012 წელს ხელახლა ნაციონალური მოძრაობის სახელით გახდა დეპუტატი, თუმცა მანაც არჩევნებში დამარცხების შემდეგ დატოვა პარტია. ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ ამ ოლქში თავის მაჟორიტარ კანდიდატად ოთარ სირაძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი წარადგინა.
საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა 50%-იანი ბარიერით. თუ ერთმანდატიანი ოლქის ელექტორატის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაჟორიტარ დეპუტატს მეორე ტური გამოავლენს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს შორის.