მმართველმა პარტიამ თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
ქართულმა ოცნებამ-დემოკრატიულმა საქართველომ თბილისის 22 მაჟორიტარული ოლქიდან 21-ში თავისი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
მმართველი პარტიის კანდიდატებს შორის სპორტსმენები და კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც არიან, ასევე დედაქალაქის საკრებულოს სამი მაჟორიტარი დეპუტატიცაა, რომელთაც 16 აგვისტოს უკვე შეუწყდათ უფლებამოსილება, რათა მოსალოდნელი შუალედური არჩევნების შედეგად მათი შემცვლელები აირჩიონ საკრებულოში.
მთაწმინდის №1 ერთმანდატიანი ოლქი ერთადერთია საქართველოში შექმნილი 73 ოლქიდან, სადაც მმართველ პარტიას თავისი კანდიდატი არ დაუყენებია; ქართული ოცნება მთაწმინდაზე სალომე ზურაბიშვილს, 2004-2005 წლებში საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს უჭერს მხარს, რომელიც დამოუკიდებელ დეპუტატად აპირებს კენჭისყრას.
მისი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობიდან იქნება ნიკა რურუა, ყოფილი დეპუტატი და 2008-2012 წლებში კულტურის მინისტრი.
ოპოზიციურმა "თავისუფალმა დემოკრატებმა" მთაწმინდაზე კოკა ფრუიძე, 2004-2010 წლებში ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დაასახელეს. პარტიების უმრავლესობას ჯერ კიდევ წარსადგენი ჰყავს კანდიდატები ამ და სხვა ერთმანდატიან ოლქებში.
პარტია ქართულმა ოცნებამ ვაკის №2 ერთმანდატიან ოლქში, რომელიც ძირითადად ჭავჭავაძის გამზირს მოიცავს მიმდებარე ქუჩებით და ასევე წყნეთს, ყოფილი მორაგბე ბიძინა გეგიძე წარადგინა, რომელიც რაგბის კავშირს 1995-2004 წლებში ხელმძღვანელობდა; ის ასევე იყო თბილისის საკრებულოს წევრი; გეგიძე 2009 წელს ანტისახელისუფლებო გამოსვლების აქტიური მონაწილე იყო.
გეგიძეს ნაციონალური მოძრაობიდან კონკურენციას ელენე ხოშტარია გაუწევს, რომელიც ყოფილი სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო სიაში მეორე ადგილზეა. დეპუტატობის კანდიდატად წარდგენამდე, ხოშტარია საქართველოს რეფორმების ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე იყო, მანამდე ნაციონალების მთავრობაში ევროპასა და ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ვაკის ამავე ოლქში იყრიან კენჭს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე და ასევე, დამოუკიდებელი კანდიდატი, მსახიობი ზურაბ შარია.
ვაკის №3 ერთმანდატიან ოლქში, რომელიც მოიცავს ბაგებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლების და ნუცუბიძის მიკრორაიონების უმეტესობას, ქართულმა ოცნებამ თავის მაჟორიტარ კანდიდატად მუსიკოსი, როკ-ჯგუფ „ვაკის პარკის“ სოლისტი ზაზა ხუციშვილი დაასახელა.
ამავე ოლქში ნაციონალურმა მოძრაობამ დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი წარადგინა, ხოლო „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გია ნუცუბიძე დაასახელეს, რომელიც 2004-06 წლებში პარლამენტის წევრი იყო, ვიდრე კორუფციული ბრალდებების გამო სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტდნენ.
ქართულმა ოცნებამ საბურთალოს №4 ერთმანდატიან ოლქში, რომელიც დიდ დიღომს, სოფელ დიღომს, ვაშლიჯვარსა და ვეძისს მოიცავს, ადვოკატი მამუკა მდინარაძე წარადგინა, რომელიც მაისიდან მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრიცაა.
მას ნაციონალური მოძრაობიდან კონკურენციას ჯარჯი დოლიძე გაუწევს, რომელიც საბურთალოს პარტიული ოფისის ხელმძღვანელია.
„თავისუფალი დემოკრატებიდან“ ამავე ოლქში მაჟორიტარული მანდატის მოპოვებას ალექსი პეტრიაშვილი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შეეცდება, რომელმაც ამ პოსტზე ორი წელი იმსახურა, ვიდრე მისი პარტია 2014 წლის შემოდგომაზე ქართული ოცნების კოალიციას დატოვებდა.
პარტია ქართულმა ოცნებამ საბურთალოს №5 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირებს ფარავს თავიანთი მიმდებარე ქუჩებით, ნინო გოგუაძე, ექვსი წლის განმავლობაში ცესკოში კონსერვატორების კვოტით მომუშავე წევრი და თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი წარადგინა.
„თავისუფალი დემოკრატები“ ამ დრომდე ერთადერთი პარტიაა, რომელსაც ამავე ოლქში ჰყავს წარდგენილი კანდიდატი – დეპუტატი დავით ონოფრიშვილი.
საბურთალოს №6 ერთმანდატიან ოლქში, რომელიც მოიცავს პეკინის გამზირს მიმდებარე ქუჩებით და ასევე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას და სადაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის გეგმავს კენჭისყრას რესპუბლიკური პარტიიდან, ქართულმა ოცნებამ მას კონკურენტად ლევან გოგიჩაიშვილი დაუყენა. გოგიჩაიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა აქციების აქტიური მონაწილე იყო, ვიდრე 2009 წელს დაიჭერდნენ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის ბრალდებებით, რასაც ის უარყოფდა; 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პოლიტპატიმრის სტატუსის მიღების შედეგად ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ნაციონალური მოძრაობიდან ამ ოლქში სევდია უგრეხელიძე, თბილისის საკრებულოს წევრი, ხოლო „თავისუფალი დემოკრატებიდან“ დეპუტატი შალვა შავგულიძე იყრიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად კენჭს.
კრწანისის №7 ერთმანდატიან ოლქში მმართველმა პარტიამ ბექა ოდიშარია, ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინდური კომპანიის ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯიას დირექტორი წარადგინა; ის ლატვიის საპატიო კონსულიცაა საქართველოში.
ამავე მაჟორიტარულ ოლქში კენჭს იყრიან ირაკლი აბესაძე ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრია და დამოუკიდებელი კანდიდატი თამარ ბოყოველი.
ისნის №8 ერთმანდატიან ოლქში ქართულმა ოცნებამ ირაკლი აბუსერიძე, 2000-2013 წლებში საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი წარადგინა კანდიდატად დაახლოებით იმავე ოლქში, საიდანაც ის ხმათა 48%-ზე მეტით თბილისის საკრებულოს მაჟორიტარად 2014 წელს აირჩიეს.
ამ ოლქში, რომელიც ფარავს ვაზისუბანს, ასევე მე-3 მასივისა და ვარკეთილის ნაწილს, ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კვიციანი, ხოლო „თავისუფალი დემოკრატებიდან“ თენგიზ ხეჩიკაშვილი იქნებიან მისი კონკურენტები.
ქართულმა ოცნებამ დავით ჭიჭინაძე, რომელიც 1999-2004 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ტრადიციონალისტთა კავშირიდან, ავლაბრის №9 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინა კანდიდატად. ჯერ-ჯერობით მისი კონკურენტების ვინაობა უცნობია.
№10 ერთმანდატიან ოლქში, რომელიც ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასა და საავიაციო ქარხნის დასახლებას მოიცავს, ქართული ოცნებიდან ბექა ნაცვლიშვილი იბრძოლებს, რომელიც თბილისის საკრებულოს ამჟამინდელი მაჟორიტარია კრწანისის რაიონიდან. მისი კონკურენტი თავისუფალი დემოკრატებიდან გიორგი გოგილაშვილი იქნება.
მმართველმა პარტიამ გიორგი მოსიძე თავის კანდიდატად წარადგინა სამგორის №11 ერთმანდატიან ოლქში, რომელიც ვარკეთილის ნაწილს და სოფელ პატარა ლილოს მოიცავს. გიორგი მოსიძე, რომელიც ახალი მემარჯვენეების წევრიც იყო, საზოგადოებისთვის ინტელექტუალური თამაშიდან „რა? სად? როდის?“ არის ცნობილი, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე სწორედ მას მიყავს.
მოსიძეს ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი ნადირაძე, თბილისის საკრებულოს წევრი დაუპირისპირდება.
ქართულმა ოცნებამ მარიამ ჯაში, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და სახელმწიფო სოლიდარობის ფონდის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სამგორის №12 ოლქში წარადგინა მაჟორიტარ კანდიდატად მოსკოვის გამზირსა და მე-3 მასივის ნაწილში მცხოვრები ამომრჩევლის ნდობის მისაღებად.
ამავე ოლქში მისი კონკურენტები „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ბესიკ ბერიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი იქნებიან; ეს უკანასკნელი 2013-14 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში გადასვლის შედეგად, 2016 წლის მარტამდე კი ვეტერანთა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
კრწანისის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, შოთა ხაბარელი, რომელიც 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონია ძიუდოში, მოახლოებულ არჩევნებზე კვლავაც ქართული ოცნების სახელით სამგორის №13 ერთმანდატიან ოლქში იყრის კენჭს, რომელიც ვარკეთილის ნაწილს, აეროპორტის დასახლებას, ასევე სოფლებს – დიდი ლილოსა და მარტყოფს ფარავს.
ამ ოლქში მისი კონკურენტი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ნონა თოდუა იქნება.
ქართულმა ოცნებამ თავისი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, დეპუტატი გია ვოლსკი ჩუღურეთის №14 ერთმანდატიან ოლქში დაასახელა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.
ქართული ოცნების ამჟამინდელი დეპუტატი მთაწმინდის რაიონიდან, ზაზა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის სახელით ამჯერად დიდუბის №15 ერთმანდატიან ოლქში იყრის კენჭს, რომელიც ძირითადად, წერეთლის გამზირს მოიცავს მიმდებარე ქუჩებით.
„თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატი ზურაბ აბაშიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი რურუა ამავე ოლქში იყრიან კენჭს მაჟორიტარ კანდიდატებად.
დიდუბის კიდევ ერთ, №16 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც დიღმის მასივსა და ზაჰესის დასახლებას მოიცავს, ქართულმა ოცნებამ ილია წულაია, დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი წარადგინა.
ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი დვალი, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ადვოკატი ლევან სამუშია და დამოუკიდებელი კანდიდატი ზურაბ ჩიქოვანი ამავე ოლქში იყრიან კენჭს მაჟორიტარ კანდიდატებად.
ქართულმა ოცნებამ სოფო კილაძე, რომელიც მმართველ პარტიას მაისში შეუერთდა და პოლიციის აკადემიის პრორექტორი იყო, ნაძალადევის №17 ერთმანდატიან ოლქში დაასახელა. ამავე ოლქში, რომელიც ცოტნე დადიანის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე ლოტკინის დასახლებას ფარავს, თავისუფალი დემოკრატებიდან ლევან მელიქია და დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი აფციაური იყრიან კენჭს.
ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი ქართულმა ოცნებამ ნაძალადევის №18 (სანზონის) ოლქში წარადგინა თავის მაჟორიტარ კანდიდატად, სადაც მისი კონკურენტები ნაციონალური მოძრაობიდან მამუკა გუგეშაშვილი, თავისუფალი დემოკრატებიდან ზეზვა ნაცვლიშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი თამარ იარაჯული იქნებიან.
ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, ლევან კობიაშვილი შეარჩია თავის მაჟორიტარ კანდიდატად. კობიაშვილი 2015 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია სადავო არჩევნების შედეგად. პარტია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ასევე ყოფილი ფეხბურთელია.
კობიაშვილი მაჟორიტარული მანდატისთვის გლდანის №21 ოლქში იბრძოლებს, სადაც მას ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატი სერგო რატიანი და თავისუფალი დემოკრატებიდან ამირან გიგუაშვილი დაუპირისპირდებიან.
№19 თემქის ოლქში მმართველმა პარტიამ ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ზაზა გაბუნია დაასახელა თავის მაჟორიტარ კანდიდატად. მას ნაციონალური მოძრაობიდან ლერი დემეტრაშვილი და თავისუფალი დემოკრატებიდან რამაზ გრიგალაშვილი დაუპირისპირდებიან.
გლდანის №20 ერთმანდატიან ოლქში, რომელიც ავჭალასა და სოფელ გლდანს მოიცავს, ქართულმა ოცნებამ კობა კობალაძე წარადგინა, რომელიც ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე, ამავე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი იყო თბილისის 2014 წლის მოწვევის საკრებულოში. კობალაძემ, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ეროვნული გვარდიის სარდალი იყო, რვა თვე გაატარა წინასწარ პატიმრობაში 2009 წელს ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმესთან დაკავშირებით; სასამართლომ ის ამბოხთან დაკავშირებულ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნო 2010 წლის იანვარში.
ამ დრომდე ცნობილი მისი ერთადერთი კონკურენტი "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი დევი ტაბიძეა №20 მაჟორიტარულ ოლქში.
ქართულმა ოცნებამ ლევან კობერიძე, რომელიც ბრენდ საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელია, თავის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა მუხიანის №22 ერთმანდატიან ოლქში, სადაც მისი კონკურენტები ნაციონალური მოძრაობიდან ვიცე-სპიკერი გია ბარამიძე, "თავისუფალი დემოკრატებიდან" ვახტანგ მაჭავარიანი, ხოლო „პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ ბლოკიდან თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა იქნებიან.
საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა 50%-იანი ბარიერით. თუ ერთმანდატიანი ოლქის ელექტორატის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაჟორიტარ დეპუტატს მეორე ტური გამოავლენს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს შორის.
პარტიებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 8 სექტემბერს ეწურებათ.