ბურჯანაძე რუსეთის სათათბიროს სპიკერს შეხვდა მოსკოვში
ოპოზიციური „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარეს სერგეი ნარიშკინს შეხვდა 17 აგვისტოს მოსკოვში.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებს, ასევე შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას“, – განაცხადა სათათბიროს პრესსამსახურმა.
ეს 2015 წლის ივლისის შემდეგ ბურჯანაძის უკვე მეოთხე ვიზიტი იყო მოსკოვში რუსეთის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე მისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს მთავარი დევიზით, რომ საქართველომ დაიმკვიდროს „უბლოკო სტატუსი" და ამით უარი თქვას ნებისმიერ სამხედრო გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, იქნება ეს ნატო თუ სხვა რომელიმე სამხედრო ალიანსი.
„ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთის უმაღლეს პირებთან პირდაპირი, უშუალო დიალოგის წარმოება. მე გარწმუნებთ, რომ არჩევნების შემდგომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე დიალოგი გაიმართოს“, -განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)