პაატა ბურჭულაძის ლიდერობით ახალი საარჩევნო გაერთიანება იქმნება
პირველ რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: ახალი საქართველოს ლიდერი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე; "გირჩის" ლიდერი დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე; პაატა ბურჭულაძე, სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი და ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე, 2016 წლის 18 აგვისტოს საარჩევნო ბლოკის შექმნას აცხადებენ. ფოტო: პარტია სახელმწიფო ხალხისთვის პრესსამსახური
საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ და ახლახანს შექმნილი ბლოკი „ახალი არჩევანი“, რომელიც პარტიებს „გირჩს“, „ახალ საქართველოსა“ და „ახალ მემარჯვენეებს“ აერთიანებს, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი ძალებით გავლენ.
„დღეს შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაა „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ მისი პარტიის ოფისში ხუთშაბათს საღამოს ახალ პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას დღის განმავლობაში წინ უძღოდა მხარეებს შორის კონსულტაციები, რომელიც თავის მხრივ, მოჰყვა საარჩევნო ბლოკის „ახალი არჩევანის“ ლიდერების მხრიდან გუშინ საღამოს გაკეთებულ შეთავაზებას გაერთიანების თაობაზე.
ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩი" და "ახალმა საქართველომ", რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა დეპუტატმა შექმნეს, და ასევე ახალმა მემარჯვენეებმა საარჩევნო ბლოკის შექმნიდან ორი კვირის თავზე ერთ ბლოკად გაერთიანება უკვე პაატა ბურჭულაძეს შესთავაზეს, რომელმაც თავისი პარტია ოფიციალურად მაისში დააფუძნა.
„ჩვენი კარები ღიაა ყველასათვის, ვინც იზიარებს ჩვენს ხედვებს – ეს არის პროდასავლური, ნატოში გაწევრიანება, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და რაც მთავარია, სამართლიანი საქართველო“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ 18 აგვისტოს სხვა სასურველი პოტენციური პარტნიორების დასახელების გარეშე.
კანონმდებლობა პარტიებს მოახლოებული არჩევნებისთვის ბლოკების შესაქმნელად განაცხადის გაკეთებისთვის ვადას 26 აგვისტომდე აძლევს.
„ჩვენი გუნდების გაერთიანებით, ჩვენ ვქმნით რეალურ ძალას, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის 8 ოქტომბერს, ძალას, რომელსაც აქვს პრეტენზია მოვიდეს ხელისუფლებაში… შედეგი, რომელიც ჩვენ გვექნება, ეს განაცვიფრებთ აბსოლუტურად ყველას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც მაისში ნაციონალური მოძრაობის დატოვების შემდეგ თავისი პარტია „ახალი საქართველო“ შექმნა.
დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც 2015 წლის მაისში ნაციონალური მოძრაობიდან გამიჯვნის შემდეგ თანამოაზრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ დააფუძნა, განაცხადა, რომ გაერთიანებულ ძალებს „სრული თანხვედრა“ აქვთ საქართველოს პროდასავლურ კურსსა და ეკონომიკის სწრაფი განვითარების საჭიროებაზე.
„ეს პოლიტიკური ცენტრი იქნება სწორედ ის, რომელიც მომავალში საქართველოში უზრუნველყოფს საქართველოს პროდასავლური კურსის მდგრადობას და მათ შორის უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში გატარდეს საჭირო, შეიძლება მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ახალი მემარჯვენეების ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, დღევანდელ საქართველოს სჭირდება „ცვლილებები“, „სიახლე“, „პროფესიონელები“, „პროგრესზე ორიენტირება“ და „მაღალი რეიტინგით, ნდობით და სერიოზული სახალხო სიყვარულით დაჯილდოებული პოლიტიკური ლიდერი“.
„იმ პოლიტიკურ ერთობაში, რომელიც დღეს შეიქმნა, სწორედ ეს ყველაფერი არის თავმოყრილი“, – დასძინა მან.
NDI-ის დაკვეთით, CRRC-ის მიერ ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ბლოკ „ახალ არჩევანში“ გაერთიანებულ პარტიებს პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად საჭირო 5%-იანი მხარდაჭერა არ გააჩნდათ. იმავე კვლევის თანახმად, ბურჭულაძის პარტიას სავარაუდო ამომრჩეველთა 4%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. პოტენციურ ამომრჩეველთა მესამედზე მეტი გადაუწყვეტელი იყო, თუ რომელ პარტიას მიცემდა ხმას და 13% პასუხის გაცემაზე ამბობდა უარს, ივნისის კვლევის მიხედვით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)