საქართველომ რიოს ოლიმპიური თამაშები 7 მედლით დაასრულა

2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ოლიმპიური მედლების რაოდენობით 38–ე ადგილზე გავიდა.

ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ძალოსნობაში, ძიუდოსა და ჭიდაობაში.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 57 კგ წონით კატეგორიის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიგო.

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ 105 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიო რეკორდის დამყარებასთან ერთად; იმავე კატეგორიაში ირაკლი თურმანიძემ ბრიონჯაოს მედალი მოიგო. ეს პირველი შემთხვევა იყო ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, რომ საქართველოდან ორი სპორტსმენი ავიდა ერთდროულად პოდიუმზე.

90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედალოსანი გახდა. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა კი 73 კგ წონით კატეგორიაში ქვეყანას ოლიმპიური ბრინჯაო მოაგებინა რიოს ოლიმპიადაზე. შმაგი ბოლქვაძე 66 კგ წონით კატეგორიის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ასევე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. გენო პეტრიაშვილმა 125 კგ წონით კატეგორიის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიგო.

საქართველომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თავდაპირველად რიო დე ჟანეიროში 39 სპორტსმენი გაგზავნა, რაც ყველაზე მასშტაბური შემადგენლობა იყო ქვეყნისთვის. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსი ძალოსნები დოპინგთან დაკავშირებული დარღვევების გამო ოლიმპიადიდან მოხსნეს, გამოთავისუფლებული კვოტა რვა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზეც, გადანაწილდა და ამან ქართული ოლიმპიური გუნდი 40-მდე გაზარდა. სპორტსმენებმა სპორტის 13 სახეობაში იასპარეზეს.  

38–ე ადგილი ოლიმპიური მედლების რაოდენობით მესამე საუკეთესო შედეგია საქართველოსთვის 2008 წელს პეკინის და 2004 წელს ათენის ოლიმპიური თამაშების შემდეგ.

საქართველომ როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ პირველად თავისი სპორტსმენები ატლანტის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გაგზავნა 1996 წელს, სადაც ქართველებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში და ძიუდოში.

ოთხი წლის შემდეგ, სიდნეიში ქართველმა სპორტსმენებმა ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს (ბოქსში, ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში, ძალოსნობაში, ძიუდოში და ორი ბრინჯაო თავისუფალი სტილით ჭიდაობაში).

პირველი ოლიმპიური ოქრო საქართველომ 2004 წელს ათენში აიღო, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა სულ ოთხი მედალი მოიპოვეს – ორი ოქრო (ძიუდოსა და ძალოსნობაში) და ორი ვერცხლი (ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობასა და ძიუდოში).

2008 წელს პეკინის ოლიმპიადა საქართველომ სამი ოქროს (ძიუდო, ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობა და თავისუფალი ჭიდაობა) და სამი ბრინჯაოს (ორი მედალი თავისუფალ ჭიდაობაში და ერთი – პნევმატური პისტოლეტით სროლაში) მედლით დაასრულა.

2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშები ქართველმა სპორტსმენებმა 7 მედლით დაასრულეს და ქვეყანას 1 ოქროს, სამი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოუტანეს ძიუდოსა და ჭიდაობაში.