პარლამენტი ბოლო პლენარულ სხდომაზე ვერ შეიკრიბა
საშემოდგომო სესიის პირველი და ამ მოწვევის პარლამენტის უკანასკნელი პლენარული სხდომა, რომელიც 7 სექტემბერს ქუთაისში უნდა გამართულიყო, კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა.
რეგისტაცია 30-მა დეპუტატმა გაირა ფრაქციებიდან ქართული ოცნება, რესპუბლიკელები და კონსერვატორები, რაც სხდომის გახსნისთვის საჭირო რაოდენობას, 76-ს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა. სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, რომლებიც მაისიდან საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და ასევე, ოპოზიციონერი დეპუტატები თავისუფალი დემოკრატებიდან. ცარიელი დარბაზის ერთ-ერთ მიზეზად საარჩევნო კამპანიაში დეპუტატების ჩართულობა დასახელდა.
„არჩევნებს თავისი კორექტივები შეაქვს პარლამენტის მუშაობაში, თუმცა მინდა ვისურვო, რომ მომავალი პარლამენტი, რომელსაც ჩვენ 8 ოქტომბერს ავირჩევთ, შეძლებს იმას, რომ პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატაროს ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ქვია ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა და ჩვენს მოქალაქეებს ოდნავადაც არ გავუჩინოთ განცდა იმისა, რომ მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრები ვერ ახერხებენ ფუნქციების შესრულებას“, – განაცხადა პარლამენტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ქუთაისის პლენარულ სხდომათა დარბაზში.
მისი თქმით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც ამას კანონმდებლობა აწესებს, სხდომები არ გაიმართება, თუ ამის გადაუდებელი საჭიროება არ იქნა.
ფორმალურად პარლამენტმა საშემოდგომო სესია 6 სექტემბერს ბიუროს სხდომის გამართვით გახსნა, თუმცა ოთხშაბათს პლენარული სხდომის ჩაშლის გამო, ამ მოწვევის პარლამენტმა მუშაობა ისე დაასრულა, რომ დღის წესრიგში შეტანილ საკითხებზე, მათ შორის სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებსა და პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ვაკანტურ პოსტებზე წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო.