ივანიშვილის თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაახლოებით 100 ადგილს მოიპოვებს
ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ქართული ოცნება-დემოკრატიუილ საქართველო 150–წევრიან პარლამენტში „საშუალოდ 100“ ადგილს მოიპოვებს.
„ოდესღაც მე ვთქვი, რომ საშუალოდ 95 დეპუტატი ეყოლება ქართულ ოცნებას, დღეს დავამატებდი და ვიტყოდი, რომ 100 კაცი იქნება საშუალოდ“, – განაცხადა ივანიშვილმა 1 სექტემბერს და დასძინა, რომ „ნაკლებად წარმოუდგენია 90, ვიდრე 115“.
„ქართულ ოცნებას საშუალოდ 100 დეპუტატი ეყოლება პარლამენტში“, – დასძინა მან.
მან ეს განცხადება აჭარის მედია საშუალებების ჟურნალისტებთან სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა. ეს ივანიშვილის პირველი შეხვედრა იყო ჟურნალისტებთან წინასაარჩევნო სატელევიზიო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ტელეკომპანია GDS–ის ეთერში გადის და რომლის ფარგლებშიც ყოფილი პრემიერ–მინისტრი კვირაში ორჯერ საქართველოს თითოეული რეგიონის ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ წინასაარჩევნო სატელევიზიო გადაცემების მიზანია, რომ პროცესების „ანალიზში“ დაეხმაროს მათ, ვისაც მისი სჯერა. მისი თქმით, ამ „ანალიზის“ პროცესში გამოიკვეთება, თუ რატომ უნდა დაუჭირონ ამომრჩევლებმა მხარი ქართულ ოცნებას და რატომ უნდა ყავდეს ამ „ერთადერთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე“ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა.
მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და 4 პარტიისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკი, რომელსაც პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ხელმძღვანელობს და რომელსაც ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის „ფრთა“ უწოდა, ქართული ოცნების მთავარი კონკურენტები არიან.
„ქართულ ოცნებას სერიოზული კონკურენტი არ ყავს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
„გასაოცრად ჩემდა, ძირითად კონკურენტად მაინც იკვეთება ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა – ეს ახალი რაც შექმნეს, ახალგაზრდული, სადაც არის [დეპუტატი გიორგი] ვაშაძე, [დეპუტატი პავლე] კუბლაშვილი და ასე შემდეგ და იქვე შევიდა ბურჭულაძე და მეორე, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქვია“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელსაც მხედველობაში ბურჭალაძის საარჩევნო ბლოკი ჰქონდა, რომელიც აერთიანებს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების მიერ დაფუძნებულ ახალ პოლიტიკურ ცენტრს „გირჩი“ და ახალ საქართველოს, და ასევე ახალი მემარჯვენეების პარტიას.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბურჭულაძე ნაციონალური მოძრაობის მიერაა „მართული“ და დასძინა, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის „პროექტია“.
„სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელ გიორგი რუხაძის თქმით, ივანიშვილის განცხადებები „არის ელემენტარული ჭორაობა“.
„[ქართულ] ოცნებას ძალიან უჭირს და ივანიშვილს სულ ელანდება ნაციონალური მოძრაობა და უნდა რომ შემდგომი ოთხი წელიც ის [ნაციონალური მოძრაობა] იყოს მისი ოპონენტი. „ოცნებაც“ წარსულია და ნაციონალური მოძრაობაც წარსულია და… ქართული საზოგადოება არჩევანს გააკეთებს მომავლის სასარგებლოდ,“ განაცხადა რუხაძემ.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, სერგო რატიანმა, განაცხადა რომ „პანიკური შიშის გამო ივანიშვილს ყველგან ნაციონალური მოძრაობა ელანდება.“
საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარაში ამომრჩევლები 8 ოქტომბერს ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს, უმაღლეს საბჭოსაც აირჩევენ.
ივანიშვილის თქმით, მისი მოლოდინია რომ ქართული ოცნება აჭარის 21–წევრიან უმაღლეს საბჭოში „საშუალოდ 15“ ადგილს მოიპოვებს.