მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ათეული გასაჯაროვდა

მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ 8 სექტემბერს, როცა პარტიებს საარჩევნო სიების წარდგენის ვადა ოფიციალურად ეწურებათ, თავდაპირველად პროპორციული კანდიდატების მხოლოდ ათეული გაასაჯაროვა, რომელთაც სათავეში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უდგას.

შემდეგ მოდის ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ვისაც კვირიკაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც კანონი აღარ ავალდებულებს არჩევნებში მონაწილეობის გამო თანამდებობიდან გადადგომას, მოუწევს ორ დღეში დატოვოს სამთავრობო პოსტი, ვინაიდან მინისტრის თანამდებობა დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.

მესამე ადგილი სიაში  ირაკლი კობახიძეს, პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანსა და პოლიტსაბჭოს წევრს უკავია.

ათეულში, რომელშიც არცერთი მოქმედი დეპუტატი არ არის შეყვანილი, შემდეგნი მოდიან:

4. თამარ ჩუგოშვილი – 2010-12 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც 2013 წლიდან მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე  იყო ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

5. გიორგი გახარია – 2013 წლიდან საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენი, რომელიც 2014 წლის დეკემბრიდან პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივნობასაც ითავსებს; საჯარო სამსახურში მოსვლამდე ის ავიაკომპანია „ლუფტანზას“ სერვისის ჯგუფის ერთ–ერთ დირექტორად მუშაობდა დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპაში.

6. აკაკი ზოიძე  –  პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, რომელიც 2003 წლის ნოემბრამდე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო ჯანდაცვის მიმართულებით.

7. თამარ ხულორდავა – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობაში კანონის უზენაესობის პროგრამების მენეჯერად წლების განმავლობაში მუშაობდა.

8. რომან კაკულია – პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი და ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

9. სოფო ქაცარავა – ბრიტანეთის საელჩოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის იყო პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

10. ირინა ფრუიძე – მაისიდან პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი,  ახალი მემარჯვენეების ყოფილი წარმომადგენელი და ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ გუნდის კაპიტანი.

საქართველოში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიების სიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ. დანარჩენი 73 მაჟორიტარი კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა 50%-იანი ბარიერით; თუ ერთმანდატიანი ოლქის ელექტორატის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაჟორიტარ დეპუტატს მეორე ტური გამოავლენს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის.

პროპორციული სიისგან განსხვავებით, უკვე სრულად ცნობილია მმართველ პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები 73-დან 72 ერთმანდატიან ოლქში. ერთ ოლქში, კერძოდ კი მთაწმინდაზე, მმართველმა პარტიამ თავისი კანდიდატი არ დაუყენა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში.

ამასთანავე, სამეგრელოსა და გურიის ორ ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატები ახლებით ჩაანაცვლა. კერძოდ,  მოქმედი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ნაცვლად ხობში ქართულმა ოცნებამ ირაკლი ბერაია, ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფის მენეჯმენტში მომუშავე თანამშრომელი წარადგინა; ხოლო ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში ასევე მოქმედი დეპუტატი თემურ ჭკუასელი ახალი კანდიდატით, ნინო წილოსანით ჩაანაცვლა 7 სექტემბერს, წარდგენის ბოლო ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე. წილოსანი ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ჭკუასელი პროპორციულ სიაში გადაინაცვლებს, თუმცა თუ რომელ ნომრად, ეს პარტიული სიის სრულად გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.