წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის პირველ ნახევარში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 834 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

„საქსტატის“ მიერ ხუთშაბათს გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2016 წლის პირველ ნახევარში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 834 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.6%–იანი ზრდაა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2016 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3.8%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით და 445 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.9%–იანი ზრდაა პირველი კვარტლის 389 მილიონ აშშ დოლართან შედარებით.

2016 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერომ მიიღო – 175 მლნ აშშ დოლარი. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი – 60 მლნ აშშ დოლარი; ენერგეტიკის სექტორი – 46 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა  – 19 მლნ აშშ დოლარი;  დამამუშავებელი მრეწველობა – 17 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 16 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 15 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 13 მლნ აშშ დოლარი; ჯანდაცვა – 13 მლნ აშშ დოლარი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმეტესობა 2016 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანიდან შემოვიდა – 146 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო – 64 მლნ აშშ დოლარი; ჩეხეთის რესპუბლიკა – 36 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი – 28 მლნ აშშ დოლარი; 27 მლნ აშშ დოლარი და 20 მლნ აშშ დოლარი პანამასა და ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიებიდან შემოვიდა, შესაბამისად; ავსტრია – 18 მლნ აშშ დოლარი; კვიპროსი – 14 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 13 მლნ აშშ დოლარი და საუდის არაბეთი – 10 მლნ აშშ დოლარი.

2015 წელს საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.56 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 11%–იანი კლება იყო 2014 წელთან შედარებით.