ბლოკმა პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის საარჩევნო სია წარადგინა

საარჩევნო ბლოკმა პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პროპორციული სიის პირველი 30 კანდიდატის პრეზენტაცია გამართა.

ოთხი პარტიისგან – „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ახალი საქართველო“, „გირჩი“ და ახალი მემარჯვნეები – შემდგარი ამ ბლოკის საარჩევნო სიას მისი ლიდერი,  საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე უძღვება, რომელიც პარტნიორებს სიის პრეზენტაციაზე, როგორც თავად თქვა, ვაშინგტონიდან ჩაერთო.

სიაში შემდეგ მოდიან: დეპუტატი გიორგი ვაშაძე, „ახალი საქართველოს“ დამფუძნებელი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის მაისში დატოვა; დავით ჯანდიერი, (სახელმწიფო ხალხისთვის); ვახტანგ მეგრელიშვილი (ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი); ირაკლი ყიფიანი (სახელმწიფო ხალხისთვის); იაგო ხვიჩია (გირჩი); დავით კიზირია (ახალი საქართველო); დეპუტატი გიორგი მელაძე (გირჩი); მელორ ტყეშელაშვილი, 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი; მამუკა კაციტაძე (ახალი მემარჯვენეები); გიორგი პაპავა (სახელმწიფო ხალხისთვის); და მე-12 ნომრად შეყვანილი, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც „გირჩი“ მას შემდეგ დააფუძნა, რაც შარშან ნაციონალური მოძრაობა დატოვა. 

პირველ 30 კანდიდატს შორის სულ ორი ქალი კანდიდატი ფიგურირებს – 21-ე ნომრად შეყვანილი ნინო დარსაველიძე "გირჩიდან" და 30-ე ირინა ტურაშვილი.

პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს 8 სექტემბერს საღამოს  პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა ეწურებათ. სიებში, კანონის თანახმად,  კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 26 პარტია და 6 ბლოკი იღებს მონაწილეობას.

საქართველოში მოქმედი შერეული სისტემით, 77 დეპუტატი 150-წევრიან პარლამენტში პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიების სიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ. დანარჩენი 73 მაჟორიტარი კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა 50%-იანი ბარიერით; თუ ერთმანდატიანი ოლქის ელექტორატის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაჟორიტარ დეპუტატს მეორე ტური გამოავლენს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)