ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო ბლოკი ‘მრეწველები- ჩვენი სამშობლო’ რეგისტრაციიდან მოხსნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საარჩევნო ბლოკს, რომელიც მრეწველებს და „ჩვენ სამშობლოს“ აერთიანებს, რეგისტრაცია გაუუქმა იმ მოტივით, რომ ბლოკმა კანონით განსაზღვრულ ვადებში პარტიული სია ვერ წარადგინა.   

მრეწველთა პარტია, რომლის ლიდერიც დეპუტატი გოგი თოფაძეა, პარტია ქართული ოცნების ყოფილი პარტნიორი იყო მმართველ კოალიციაში. პარტია „ჩვენი სამშობლოს“ ლიდერია ზვიად ჩიტიშვილი, რომელსაც საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა და რუსეთში ბიზნესები აქვს; მისი ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა რუსული პასპორტების დარიგება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ ორმაგი მოქალაქეობა ქონდეთ. პარტიამ ნაციონალური მოძრაობის ოფისების წინ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა და ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ფიტულები დაწვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბლოკმა კანდიდატების სარეგისტრაციო დოკუმენტები 8 სექტემბერს 18:00 საათზე ვადის ამოწურვამდე წარუდგინა, მაგრამ დოკუმენტაციას დეპუტატობის კანდიდატების სია აკლდა, რისი წარდგენაც მხოლოდ ვადის გასვლის შემდეგ მოხდა.

მრეწველების და ჩვენი სამშობლოს საარჩევნო ბლოკი აღიარებს, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენის პროცესში გარკვეული „ტექნიკური ხარვეზები“ ჰქონდა, თუმცა უარყოფს ვადის გადაცილებას.

დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ მრეწველთა პარტიიდან განაცხადა, რომ თამარ ჟვანიას ბლოკის რეგისტრაციიდან მოხსნის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.

ბლოკი ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის საქალაქო სასამართლოში გეგმავს.