თბილისმა რუსეთის არჩევნებისთვის სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საარჩევნო უბნების გახსნა დაგმო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საარჩევნო უბნების გახსნა „მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მორიგი გამოვლინებაა“.
სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრენ იმ მოქალაქეებს, რომელთაც რუსული პასპორტები აქვთ, რუსეთმა თავის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. საარჩევნო უბნები სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის 2011 წლის საპარლამენტო და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც გაიხსნა.
სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლების თანახმად, აფხაზეთში ცხრა, ხოლო სამხრეთ ოსეთში ათი საარჩევნო უბანი გაიხსნა სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის. კვირის არჩევნებში ასევე მიიღო მონაწილეობა რამდენიმე ათასმა რუსმა სამხედრომ, რომლებიც სეპარატისტულ რეგიონებში არიან ბაზირებულნი.
აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ და აფხაზეთის სხვა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრემიერ–მინისტრმა ბესლან ბარციცმა ხმა სოხუმის ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე მისცეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომ ის „გმობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, როგორც მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინებას, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს“.
„რუსეთის ფედერაცია ზემოაღნიშნული ქმედებებით უგულებელყოფს გაეროს წესდებით განმტკიცებულ იმ უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მოუწოდა „საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და რეაგირება მოახდინოს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ“.
მან ასევე განაცხადა, რომ „მოსკოვმა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)