კვირიკაშვილი ლტოლვილთა შესახებ გაეროს სამიტზე სიტყვით გამოვიდა

გაეროს გენერალური ასამბლეის სამიტზე გამოსვლისას, რომელიც ნიუ–იორკში 19 სექტემბერს პირველად გაიმართა ლტოლვილთა და მიგრანტების საკითხზე, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა იძულებით გადაადგილების გამომწვევი ძირეული მიზეზების – კონფლიქტებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევის – აღმოფხვრა, რათა „სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს“.

„იძულებითი გადაადგილების ტვირთს საქართველოც განიცდის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის პირობებში „რამდენჯერმე განხორციელდა ეთნიკური წმენდა“ და „დაახლოებით 400 ათასი ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად“.

„საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე მავთულხლართების განთავსების პირობებში მათი შინ დაბრუნების პერსპექტივა არცთუ ისე იმედისმომცემია“, – განაცხადა მან, „ამასობაში კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები ყოველდღიურად განიცდიან დისკრიმინაციას“.

მისივე თქმით, მსოფლიო მასშტაბით იძულებითი გადაადგილებულთა ზრდის ფონზე, საქართველომ თავისი წილი საქმე უკვე გააკეთა.  

„ჩვენ უკვე მივიღეთ თავშესაფრის 4 000-ზე მეტი მაძიებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომელთა შორისაა – უკრაინა, ერაყი, სირია, ეგვიპტე და სომალი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა, „ქართული უნივერსიტეტები საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობენ იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ განათლების სფეროში დახმარების მიწოდებას დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის დონორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან ერთად, რომლებსაც ამ ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა გააჩნიათ“.

მისი თქმით, „სიტუაციის სიმძიმე“ საერთაშორისო თანამეგობრობის პროაქტიურ და კოორდინირებულ რეაგირებას მოითხოვს.

„კონფლიქტების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. თუკი ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ყველა მხარე დაიცავს კანონებს და ზედმიწევნით შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მაშინ უფრო მშვიდობიანი მსოფლიოსკენ მიმავალი გზა ხსნილი იქნება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

კვირიკაშვილის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 71–ე სესიაზე 21 სექტემბერს იგეგმება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)