კვირიკაშვილი ‘სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღეს’ შერიგების შესახებ საუბრობს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაიმეორა 27 სექტემბერს, რომ აფხაზებს და ქართველებს შორის „ხიდის აღდგენა“ არის ერთადერთი გზა ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანებისკენ.

მან ეს განცხადება გმირთა მოედანზე გააკეთა, სადაც „სოხუმის დაცემის“ 23–ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ამ დღეს აფხაზეთში „სოხუმის გათავისუფლებას“ აღნიშნავენ.

„მთავარი, რასაც ყველა ჩვენგანი ვაცნობიერებთ, არის ის, რომ ეს იყო ომი ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ და ამ ომს თავშივე არ ჰყავდა მოგებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა დაღუპული მეომრის ხსოვნას დიდ პატივს მივაგებთ. ყველა მათგანი გმირია“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„დღეს ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაშუშოთ ეს იარები, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის და მშვიდობიანად და მხოლოდ მშვიდობიანად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და დავიბრუნოთ ის ერთიანობა, რომელიც გვქონდა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და მშვიდობიანად ვიცხოვროთ ყველამ ერთად ძმობაში, ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, ერთიან ქვეყანაში, ძმობაში და მეგობრობაში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი დღეს“, – განაცხადა მან.

ერთი დღით ადრე, 26 სექტემბერს პრემიერ–მინისტრი განმუხურში იმყოფებოდა, სადაც ბოტანიკური ბაღის და ფეშენებელური სასტუმროს მშენებლობის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო – ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 20 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს 100 ჰექტარზე ბოტანიკური ბაღის გასაშენებლად, ხოლო საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, სადაც ივანიშვილი მთავარი ინვესტორია, დაახლოებით 60 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს სასტუმროს ასაშენებლად. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა ანალოგიური პროექტი აფხაზეთშიც დააფინანსოს.

განმუხურში პროექტის პრეზენტაციაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა: „ამ ორი მნიშვნელოვანი ინიციატივის გაჟღერებისთვის არც დრო და არც ადგილი შემთხვევითი არ გახლავთ. ხვალ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეა – ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში. ეს ომი იყო ტრაგედია ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც. ეს იყო ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ. მაგრამ დადგა დრო, როცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ… ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არა გააჩნია… [ივანიშვილის] ეს წინადადება და შეთავაზება უკვე არის ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ გადადგმული საქმიანი და კონკრეტული ნაბიჯი… ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მისგან მიღებული მოგება მოხმარდება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის მართლაც უნიკალური წინადადება რომელიც სრულად შეესაბამება სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)