საქართველოში ვიზიტით მყოფი რომის პაპი ‘რეგიონში სახელმწიფოების მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ მოუწოდებს’

რომის პაპმა ფრანცისკემ, რომელმაც ორდღიანი ვიზიტი საქართველოში პარასკევს დაიწყო, განაცხადა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომ „მშვიდობიანი თანაცხოვრება რეგიონის ხალხებს და სახელმწიფოებს შორის აუცილებელი და უპირატესი პირობაა“ მტკიცე პროგრესისთვის.

პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეკრებილ ოფიციალურ პირებთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე რომის პაპმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ მარგველაშვილს  „იმ კარგი ურთიერთობებისთვის, რომელსაც საქართველო მუდმივად ინარჩუნებს წმინდა საყდართან“. 

მისი თქმით, ის ღირებულებები, რომლებიც ქართულ კულტურაში, ენასა და ტრადიციებში არსებობს, ქვეყანას  ევროპული ცივილიზაციის ძირითადი პრინციპების ფარგლებში აქცევს.

„ამავე დროს, თქვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ საქართველო დიდწილად ბუნებრივი ხიდია ევროპასა და აზიას შორის, კავშირი, რომელიც ხელს უწყობს ხალხებს შორის კომუნიკაციას და  ურთიერთობებს“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.   

25 წლის წინ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მისი თქმით, საქართველომ „ააშენა და გააძლიერა თავისი დემოკრატიული ინსტიტუტები და მოძებნა ყველაზე ინკლუზიური და ჭეშმარიტი განვითარების უზრუნველყოფის გზები“.

„ყველაფერმა ამან დიდი მსხვერპლიც მოითხოვა, რომელიც ერმა ვაჟკაცურად გაიღო, რათა დაეცვა ასე ნანატრი თავისუფლება. გისურვებთ, რომ მშვიდობისა და განვითარების გზაზე ხელიხელჩაკიდებულს ევლოს საზოგადოების ყველა წევრს, რაც შექმნის სტაბილურ, სამართლიანსა და კანონისადმი პატივისცემით აღსავსე გარემოს“, – განაცხადა მან.

„ამგვარ ჭეშმარიტსა და მდგრად წინსვლას თავისი აუცილებელი წინაპირობაც აქვს. ესაა რეგიონის ერებსა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა. საამისოდ კი აუცილებელია მათ შორის ურთიერთპატივისცემის განმტკიცდება, რაც უცილობლად გულისხმობს თითოეული მათგანის სუვერენული უფლებების პატივისცემას და მათთვის ანგარიშის გაწევას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“, – განაგრძო მან. 

მან ასევე განაცხადა, სეპარატისტული აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ხსენების გარეშე, რომ ყველას უნდა შეეძლოს „მშვიდობიანი თანაარსებობა თავიანთ სამშობლოში, ან თავისუფალი დაბრუნება თავიანთ მიწაზე, თუ გარკვეული მიზეზების გამო ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ის“.

„ვიმედოვნებ, რომ  სამოქალაქო ხელისუფლება გამოხატავს შეშფოთებას ამ ადამიანების მდგომარეობის გამო და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გამონახონ რეალური გამოსავალი,  მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხების მიუხედავად“, – განაცხადა რომის პაპმა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელმაც პაპის გამოსვლამდე ისაუბრა, განაცხადა, რომ საქართველოში „მუდმივად ვგრძნობთ ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერას“.

„ჩვენ გვახსოვს ეს თანადგომა როგორც მშვიდობის, ასევე განსაცდელის პირობებშიც, მათ შორის 2008 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„თქვენო უწმინდესობავ, თქვენ იმყოფებით, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომელიც დღეს უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიის მსხვერპლია. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და მოსახლეობის თითქმის 15% დევნილადაა ქცეული. ამ ადამიანებს წაართვეს საცხოვრებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეთნიკურად ქართველები არიან“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„ჩვენგან სულ რაღაც 40-ოდე კილომეტრში გავლებულია მავთულხლართები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას, მეზობლებს, ნათესავებს ერთმანეთთან ურთიერთობას უკრძალავს. ჩვენგან სულ რაღაც 40-ოდე კილომეტრში მოსახლეობა ყოველდღე ხედავს ძალადობას, ადამიანის გატაცებას, მკვლელობას და შეურაცხყოფას“, – განაცხადა მან.

„ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციის გზებს, ჩვენ ვეძებთ გზებს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა და მშვიდობისათვის. დევნილი მოსახლეობის დაბრუნება ჩვენი უპირველესი ამოცანაა. პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ადამიანები არ უნდა იტანჯებოდნენ და მათ უნდა დაუბრუნდეთ საკუთარ სახლებში ცხოვრების უფლება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის“, – მიმართა პრეზიდენტმა რომის პაპს.

„მე მჯერა, რომ საერთაშორისო ჩართულობით, ერთიანობით, არაღიარების მტკიცე პოლიტიკითა და აგრესიის დაუშვებლობით უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობა ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„გზა, რომელიც საქართველომ აირჩია – მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტრატეგიული მოთმინების გზა, აუცილებლად მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე“.

„თქვენი საქართველოში ჩამობრძანება კიდევ ერთი მოწოდებაა მშვიდობისაკენ. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი გააძლიერებს არა მხოლოდ ვატიკანისა და საქართველოს თანამშრომლობას, არამედ იქნება მძლავრი გზავნილი ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)